შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორიები. „ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბი, „მზიურის“ (რაგბის კავშირთან) მიმდებარე ტერიტორია, ფერდობი წყნეთის ქუჩაზე, მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი. ზოგადად, ქალაქის დანაგვიანება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხდება მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენების გადაყრა და ეს კატეგორიულად მიუღებელია.
მხოლოდ „თბილსერვისის“ თანამშრომლები და გაწმენდითი სამუშაოები ამას ვერ შეაჩერებს. აქ საჭიროა ჩვენი, ყველას ჩართულობა და გონივრულობა, რომ არ მოხდეს სამშენებლო ნაგვის გადაყრა ხევში, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და შემდეგ, ამ სამუშაოების ჩატარება გვიწევს. სამუშაოების ჩატარება პრობლემა არ არის, პრობლემაა ნარჩენების გადაყრა მდინარის ხევში დაბინძურების თვალსაზრისით. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს დასუფთავების დეპარტამენტის 100 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული იქნება 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.