ვლადიმერ დარჩიაშვილი – კაცი, რომლისთვის რომელიმე პარტიასთან მიკედლება რწმენის ღალატს ნიშნავდა
ცნობილი ეროვნული მოღვაწე, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ვლადიმერ (ლადო) დარჩიაშვილი ერთ–ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა ქართველ სოციალ–დემოკრატ ავტონომისტთა შორის. დაიბადა 1872 წელს კახეთში, სოფელ ანაგაში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის ოჯახში. მის მშობლებს, ანასტასია და ივანე დარჩიაშვილებს, ოთხი შვილი – სამი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდათ. ლადო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათითა და ბეჯითობით. რვა წლისა რომ შესრულდა, თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1887 წელს წარჩინებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქ მან მხოლოდ ექვსი წელი დაჰყო. სემინარიიდან გარიცხეს აკრძალული ლიტერატურის კითხვისა და თანატოლებისთვის რუსი დემოკრატების – პისარევისა და დობროლუბოვის აზრების გაზიარებისთვის. ბინის ჩხრეკისას ჰექტოგრაფზე დაბეჭდილი არალეგალური ჟურნალი „თავისუფლებაც“ უპოვეს. იგი იძულებული გახდა მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო, სადაც პედაგოგიურ მუშაობას შეუდგა, შეადგინა მოსწავლეთა წრე, მართავდა წარმოდგენებს და განსაკუთრებული სიბეჯითით ეწეოდა თვითგანათლებას, სწავლობდა ფრანგულ ენას.
ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროს ლადო დარჩიაშვილმა გაიცნო (1892 წ.) და მალე დაუახლოვდა ეგნატე ნინოშვილს. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, სწორედ ეგნატემ წარუდგინა იგი თავის თანამოაზრეებს, ვითარცა ნიჭიერი და უაღრესად მომზადებული ახალგაზრდა. შემდგომში ეს ჯგუფი ე. წ. „მესამე დასში“ გაერთიანდა.
„მესამე დასის“ ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან თარიღს წარმოადგენს 1894 წლის 8 მაისი. ამ დღეს, ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე გურიაში, სოფელ ჩოჩხათში მოხდა ახალთაობის მარქსისტული ახალგაზრდობის პირველი, საჯარო საპროგრამო გამოსვლა. დაკრძალვაზე შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა ლადო დარჩიაშვილმაც. ამ პერიოდში იგი წმინდა წყლის მარქსისტი იყო და ეროვნულ საკითხს მესამეხარისხოვან საქმედ თვლიდა. მისი მსოფლმხედველობის შეცვლა მოხდა 1898–1905 წლებში, საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ. შვეიცარიასა და საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში ლადო პირველწყაროებიდან გაეცნო ეროვნულ საკითხზე არსებულ მარქსისტულ ლიტერატურას. პარიზიდან გადავიდა ბელგიაში, სადაც ბრიუსელის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მან წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტის სრული კურსი და გახდა სამართლისა და ეკონომიკის დოქტორი.
უცხოეთში ცხოვრების დროს ლადოს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. თანამშრომლობდა ქართულ პრესაში, გაზეთ „კვალს“ აწვდიდა საზღვარგარეთის ახალ ამბებს. საქართველოში დაბრუნებისთანავე აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას შეუდგა და მთელი რიგი წერილები მიუძღვნა ეროვნული საკითხის შესწავლა–განხილვას. იგი, ასევე, დიდ ყურადღებას უთმობდა ეროვნულ ურთიერთობათა პრობლემის სწორად გადაჭრას. მოღვაწეობდა გაზეთებში „ივერია“, „ლამპარი“, „ტალღა”, „ელვა”, „განთიადი”, „ჩვენი ცხოვრება“ და სხვა, იყო გაზეთების – „სხივისა“ და „სიმართლის“ ფაქტობრივი რედაქტორი (ფსევდონიმები: ლ. დ.; ონ.; ონი; ო; დ–ლ.; და–ლი). მთავრობის საწინააღმდეგო წერილების პუბლიკაციებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და თბილისიდან გაასახლეს. 1908 წელს დააარსა ყოველკვირეული ჟურნალი „ალიონი“. ამ ჟურნალის დახურვის შემდეგ თანამშრომლობდა „ჩვენ კვალში“.
1913–1914 წლებში ლადო დარჩიაშვილი ყოველკვირეულ გაზეთ „ფიქრის“ რედაქტორია. მისი პუბლიკაციები ნათელყოფს, რომ თავისი იდეური მრწამსით იგი მარქსისტ–სოციალისტია, მაგრამ არა ეროვნულობის უარმყოფელი. ლადო იყო პირველი, ვინც თანამოაზრეებს გამოეყო და საქართველოს ტერიტორიული ავტონომიის ქადაგება დაიწყო.
ეროვნულ ნიადაგზე მომხდარი განხეთქილების გამო, ლადო დარჩიაშვილი თანდათან ჩამოშორდა პრაქტიკულ პარტიულ საქმიანობას. ცხოვრების საშუალება რომ ჰქონოდა, ნაცნობების დახმარებით დაიწყო მუშაობა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გერმანული ენის მასწავლებლად, პარალელურად კერძოდაც ამზადებდა მოსწავლეებს გერმანულ და ფრანგულ ენებში. ასე დაგროვილი გარკვეული მცირე თანხით, ყოველ ზაფხულს საზღვარგარეთ მიდიოდა და იქ ეწეოდა სერიოზულ მეცნიერულ მუშაობას. სხვადასხვა პარტიები ცდილობდნენ მის გადაბირებას, მაგრამ ლადო ყველას თავაზიანი უარით ისტუმრებდა, რადგან მისი აზრით, რომელიმე პარტიასთან ან დაჯგუფებასთან მიკედლება რწმენის ღალატი იქნებოდა.
1914 წლის ზაფხულში ახლად დაქორწინებულ მეუღლესთან, ელენე გეგელაშვილთან ერთად (მანამდე მათ საზღვარგარეთ გაიცნეს ერთმანეთი) ევროპაში, გერმანიაში გაემგზავრა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ის დაკავებულ იქნა, როგორც რუსეთის ქვეშევრდომი და პირველი კატეგორიის სამხედრო ტყვე. დატოვეს ქალაქ ლაიპციგში, სადაც ყოველდღე უნდა გამოცხადებულიყო აღრიცხვაზე. მთელი ორი წლის განმავლობაში, იგი მხნედ იტანდა ყოველგვარ შევიწროებას, მაგრამ მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო, კუჭი დაუავადდა და 1916 წლის 7 მაისს გარდაიცვალა სოფელ პატარა შოხაში. დაკრძალულ იქნა თანამემამულეებისა და მეგობრების მიერ იქვე, ლაიფციგის მახლობლად, ქალაქ გრიმმაში.