დაუმორჩილებელი ვერე და წყალდიდობები თბილისში

თბილისის რელიეფიდან და ლანდშაფტიდან გამომდინარე, წყალდიდობები საქართველოს დედაქალაქში არცთუ იშვიათი მოვლენაა. მდინარე მტკვარი და მისი შენაკადები არაერთი სტიქიური უბედურების მიზეზი გამხდარა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი წყალდიდობა თბილისში 1895 წელს მოხდა. დეტალები იმის შესახებ, როგორ განვითარდა მაშინ მოვლენები, უცნობია.

წყალდიდობები თბილისში, ძირითადად, გაზაფხულის მიწურულს და ზაფხულის დასაწყისში ხდებოდა. ყველაზე დიდ პრობლემებს დედაქალაქს მდინარე ვერე უქმნიდა. 1924 წლის 13 ივნისს, ხანგრძლივი წვიმებით ადიდებულმა მდინარე ვერემ ქალაქის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დააზარალა. განსაკუთრებული ზარალი ვერემ თბილისს 1940 წლის 10 მაისს მიაყენა. როგორც ირკვევა, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა კერძო მფლობელთა 978 სახლი, მათ შორის, 147 სრულიად განადგურდა. საერთო ჯამში, იმ დღეს თბილისში 2451 შენობა – ნაგებობა დაზიანდა, 175 სრულიად განადგურდა. ზარალი მიადგა ქალაქის ტრანსპორტს – ტრამვაისა და ტროლეიბუსების პარკს.

1960 წლის 4 ივლისი, ისევ მდინარე ვერე… როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი წყლის ნაკადი თავისი სიმძლავრით ბევრად აღემატებოდა 1940 წლის 10 მაისის წყალდიდობის დროს მოვარდნილ ნაკადს. ამ დღეს ყველაზე მეტად თბილისის ზოოპარკი დაზარალდა.

შემდეგ იყო 1972 წლის 7 ივნისი. ვერეს ადიდებას ისევ მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისგან  განსხვავებით, მაშინ „მთავარი გმირი“ სპილო გახდა, რომელიც ზოოპარკიდან გაიქცა.

ბოლო, ყველაზე მასშტაბური და დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიის შემოტევას იმ დღეს 20-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზარალდა 239 ოჯახი და 1041 ფიზიკური პირი. სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზიანმა 200 მლნ ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები