გიორგი ტყემალაძემ 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვერეს ხეობაში, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ტყემალაძემ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„7 წელი გავიდა 13 ივნისის სტიქიის დროს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. გარდა იმისა, რომ დაიტბორა თბილისის ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მოვარდნილმა წყალმა ჩვენი 21 თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტრაგედიის დროს, ქართველი ხალხი გაერთიანდა და ჩვენ ერთად შევძელით სტიქიის შემოტევის დამანგრეველი შედეგების აღმოფხვრა.

განსაკუთრებით დასაფასებელია ახალგაზრდების უზომო აქტიურობა, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ წყალდიდობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მაქსიმალურ დახმარებას უწევდნენ სამაშველო სამსახურს. მადლობას ვუხდი ყველა იმ სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოხალისეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ უდიდეს მწუხარებას,“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დღესვე, გიორგი ტყემალაძე კახა კალაძესთან ერთად, „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, „ბეგის“ ქანდაკების გახსნას დაესწრო. სკულპტურის ავტორი მოქანდაკე ერეკლე წულაძეა, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. 2015 წლის 13 ივნისის მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები