თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი დედაქალაქის საკრებულოს შენობაში განთავსდება
თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი დედაქალაქის საკრებულოს შენობაში განთავსდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის პროექტირება მიმდინარე წელს დაიწყება.
„თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ფონდში უნიკალური ნიმუშებია დაცული. სასიხარულოა, რომ ის თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, თოჯინების უნიკალური და ძვირფასი ნიმუშები დაათვალიეროს. მუზეუმის მოწყობის ხარჯები კი 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.