არჩილ თალაკვაძე – საკონსტიტუციო სარჩელზე: არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის

“არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის, ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის დასჯას ცდილობს და საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკურ ნიადაგზე შეაქვს – გაკოტრებული რადიკალური ოპოზიციის განცხადებებია.

“გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ოპოზიციის ფუნქცია სხვას შეასრულებინოს, რადგან ამას თვითონ ვეღარ აკეთებს. მათ სურთ, ოპოზიცია იყოს სხვა, ზოგჯერ ეს არის სამოქალაქო სექტორი, ზოგჯერ სურთ  – ეს იყოს პრეზიდენტი, ზოგჯერ ცდილობენ, ეს გააკეთებინონ მედიას. ამაზე მიუთითებს ოპოზიციის განცხადებები, რომ თითქოს პრეზიდენტი არის კონფლიქტის სუბიექტი. თვითონ დავას რაც შეეხება, თვეების წინ ითქვა, რომ ეს არის დავა კომპეტენციის განსაზღვრის შესახებ, რომ ცხადი იყოს დიპლომატიური სამსახური და ელჩების დანიშვნა მიეკუთვნება თუ არა მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო, არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის, ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები