როგორ გაჩნდა გაი ფოქსის ნიღაბი, რომელიც საპროტესტო მოძრაობების სიმბოლო გახდა
769
„ანონიმუსის“ ნიღაბი – იგივე გაი ფოქსის ნიღაბი, ყველასათვის კარგად არის ცნობილი. პირველად ის კომიქსების სერიაში „V-ნიშნავს ვენდეტას“ გამოჩნდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 1982 -1989 წლებში გამოდიოდა. მოგვიანებით, 2006 წელს ნიღაბი იმავე სახელის მქონე ფილმში გამოჩნდა. დღეს ის საკვანძო სიმბოლო გახდა აქტივისტებისა და ჰაკერების დაჯგუფებებისთვის, მაგრამ ვინ იყო ის გაი ფოქსი, რომლის პატივსაცემადაც ჰქვია სახელი პროტესტის ამ პოპულარულ სიმბოლოს?
კათოლიკეები და პროტესტანტები
გაი ფოქსი ინგლისელი დიდგვაროვანი კათოლიკე გახლდათ. როგორც პიროვნება, ის არაფერს წარმოადგენდა და მხოლოდ იარაღი იყო სხვის ხელში. მიუხედავად ამისა, მისმა პირქუშმა, რომანტიკულმა პერსონამ წარმოშვა იდეოლოგიური მებრძოლის იმიჯი, რომელიც სიმბოლოდ იქცა.
გაი ფოქსი 1570 წლის 13 აპრილს ინგლისში, იორკში დაიბადა დიდგვაროვანთა ოჯახში. მის ბავშვობასა და მოზარდობაზე ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა ყმაწვილმა კარგი განათლება მიიღო და ფულის საჭიროება არ ჰქონდა. გაი ფოქსი კათოლიკე იყო და ამან დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.
მე-16 საუკუნის მიწურულსა და მე-17 საუკუნის დასაწყისში კათოლიკეებს ინგლისში პატივს არ სცემდნენ. სამეფო მუდმივად მტრობდა ესპანეთს, რომელიც სულით ხორცამდე კათოლიკე იყო, ამიტომ პროტესტანტები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ყოველ კათოლიკეში მოღალატესა და ჯაშუშს ხედავდნენ. ინგლისის მეფე ჯეიმზ I, მიუხედავად იმისა, რომ მას კეთილი და სამართლიანი მონარქის რეპუტაცია ჰქონდა, კათოლიკეებს ვერ იტანდა.
XVII საუკუნის დასაწყისში იეზუიტები განდევნეს ქვეყნიდან და კათოლიკეებისადმი დამოკიდებულება საბოლოოდ გაუარესდა. პროტესტანტები იპარავდნენ კათოლიკეების მიერ ესპანეთის მეფისადმი მიწერილ წერილებს, რომლებშიც ისინი პროტესტანტული თვითნებობისგან დაცვას ითხოვდნენ.
დენთის შეთხმულება
საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობას, რომელიც რელიგიური შეუწყნარებლობის ფონზე წარმოიშვა, 1604 წელს ე.წ. დენთის შეთქმულება მოჰყვა. შეთქმულების ორგანიზატორი იყო არისტოკრატი რობერტ კეიტსბი, რა თქმა უნდა, მგზნებარე კათოლიკე. მის მიმართ ხელისუფლებას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან ის ადრე ჩართული იყო დედოფალ ელისაბედის წინააღმდეგ შეთქმულებაშიც, თუმცა სასწაულებრივად მოახერხა მხრებზე თავის შენარჩუნება და ქვეყნიდან გაძევებასაც გადაურჩა.
ახლა მოუსვენარმა კეიტსბიმ გადაწყვიტა მეფის აფეთქება პარლამენტში მონარქის ყოველწლიური გამოსვლის დროს. დენთის ბომბს სამეფოს კათოლიკეები მთავარი დამნაშავისგან უნდა გაეთავისუფლებინა. გარდა ამისა, მას მიჰყვებოდნენ პარლამენტარები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჯეიმზ I-ს და ეკლესიის ელიტას. ერთი სიტყვით, აფეთქებას ინგლისელი კათოლიკეების ყველა პრობლემა ერთი დარტყმით უნდა გადაეჭრა.
ცეცხლოვან ქარიშხალში მტრების დაღუპვის შემდეგ რობერტ კეიტსბი ხელმძღვანელობას გეგმავდა. შეთქმულების საბოლოო მიზანი იყო კათოლიკე მონარქის გამეფება და პროტესტანტების განდევნა. გადატრიალების იდეოლოგიურ ინსპირატორს ტექნიკური საკითხების მოგვარება ნამდვილად არ სურდა, ამიტომ მან რამდენიმე ერთგული ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა, რომელთაგან ერთ-ერთი გაი ფოქსი იყო.
თხილი პარლამენტის ქვეშ
გეგმის განსახორციელებლად, შეთქმულების ერთ-ერთმა წევრმა, თომას პერსიმ, იქირავა სარდაფიანი სახლი ვესტმინსტერის სასახლესთან, სადაც ლორდთა პალატა იკრიბებოდა. სარდაფიდან დაიწყეს მიწისქვეშა გასასვლელის გათხრა სასახლის სარდაფში გრძელი, სწორი დერეფნის სახით. სანამ ზოგიერთი შეთქმული გასასვლელს თხრიდა, სხვებს სახლში დენთი შემოჰქონდათ. სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა, ვინაიდან აფეთქება 1605 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი.
თუმცა, ბოლო მომენტში გეგმები შეიცვალა, რადგან პარლამენტარებმა მეფესთან შეხვედრა განუსაზღვრელი ვადით გადადეს. სინამდვილეში, ეს მხოლოდ შეთქმულების სასარგებლოდ მოქმედებდა, რადგან მათ კატასტროფულად არ ჰყოფნიდათ თავდაპირველი დრო საქმის ბოლომდე მისაყვანად. შეტევის მოულოდნელმა გადადებამ უკეთესი მომზადება გახადა შესაძლებელი. კეიტსბიმ შემთხვევით შეიტყო, რომ მეზობელი სახლი, რომელიც ქვანახშირით მოვაჭრე ელენ ბრაიტის ეკუთვნოდა, ქირავდებოდა.
ამ შენობასაც ჰქონდა სარდაფი, მაგრამ ის მხოლოდ ნაწილობრივ იყო განთავსებული პარლამენტის შენობის ქვეშ. იმ სახლის სარდაფიდან, რომელშიც გაი ფოქსი და მისი კოლეგები თხრიდნენ გასასვლელს, ბრაიტის სარდაფი მხოლოდ რკინის ბადით იყო გამოყოფილი. შეთქმულებმა ქვანახშირით მოვაჭრის სახლი იქირავეს და რკინის ბადის გახსნის შემდეგ, პარლამენტის დარბაზის ქვეშ სწრაფად გადაიტანეს 36 კასრი დენთი.
სულელური ჩაფლავება
აჯანყებულებს ჰქონდათ კარგი შანსი, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანათ, მაგრამ მათ თანამებრძოლებმა უღალატეს. „დენთის საუზმის“ მონაწილეებისთვის ყველაზე სერიოზული ფინანსური საკითხი იყო. მათ ფულის სერიოზული ნაკლებობა ჰქონდათ, ამიტომ არც ისე სანდო და იაფიანი მუშახელის აყვანა მოუწიათ. შედეგად, ფინალამდე, კეიტსბის გუნდი 13 კაცისგან შედგებოდა. ეს ციფრი ძალიან ბევრია საიდუმლო და სახიფათო წამოწყებისთვის…
გუნდში ერთ-ერთი ახალწვეული იყო ვინმე ფრენსის ტრეშემი. ამ კაცის ცოლის ძმა, ლორდ მონტიგლი, ერთ-ერთი პარლამენტარი იყო. ტრეშემმა ნათესავს წერილი მისწერა და სთხოვა, თავი შეეკავებინა პალატის შეხვედრაზე წასვლისაგან. წერილი უცნაურად გამოიყურებოდა და სავსე იყო ბუნდოვანი მინიშნებებით. ლორდ მონტიგლი გააოცა ამ გზავნილმა და მაშინვე აჩვენა იგი საფოლკის გრაფს.
გრაფმა იგრძნო საფრთხე და გამოიყენა თავისი გავლენა პარლამენტის სხდომის გადასატანად. უცნაური წერილის შესახებ შეატყობინეს მეფე ჯეიმზსაც, რომელმაც გაიზიარა აზრი მკვლელობის შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით. ტრეშემის ტექსტში შედიოდა ფრაზები „ვერ ხედავენ, ვინ აყენებს მათ ტკივილს“ და „საშინელ დარტყმას მიიღებენ“. ამიტომაც, ყველამ გადაწყვიტა, რომ ეს აფეთქების მინიშნება იყო.
1604 წლის 4 ნოემბერს მონტიგლი და გრაფი ვესტმინსტერის სასახლის ქვეშ სარდაფების შემოწმებას შეუდგნენ. სარდაფში მათ გაი ფოქსი ნახეს, მაგრამ, სახელდახელოდ მოფიქრებული ისტორიის წყალობით, მან გასვლა მოახერხა. თუმცა, მალე გაირკვა, რომ მეზობელი სახლი კათოლიკემ და ცნობილმა მეამბოხემ, თომას პერსიმ იქირავა. ამიტომაც, იმავე საღამოს ჩატარდა უფრო საფუძვლიანი ჩხრეკა და ადგილზე კვლავ იპოვეს გაი ფოქსი. ამჯერად მონტიგლმა და გრაფმა ქვანახშირისა და შეშის გროვის ქვეშ აღმოაჩინეს დენთის კასრები და ფითილები.
შეთქმულების წევრების დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა
დაცვამ გაი ფოქსი დააკავა. მან დამალა თავისი სახელი და საკუთარ თავს ჯონ ჯონსონი უწოდა. პირველ დაკითხვაზე მამაკაცმა აღიარა, რომ მეფისა და პარლამენტარების აფეთქებას აპირებდა. ძალიან მალე გამოძიება შეთქმულების დანარჩენ წევრებთან მივიდა. დენთის შეთქმულების წამქეზებელი კეიტსბი ვერ დააკავეს – მან წინააღმდეგობა გაუწია და ბრძოლაში დაიღუპა.
დანარჩენი მონაწილეები დააკავეს და სასამართლოს წარუდგინეს. სასამართლო პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა და შეთქმულების ყველა მონაწილე სიკვდილით 1606 წლის 30 და 31 იანვარს დასაჯეს. მათი სიკვდილი არ იყო სწრაფი და მარტივი. ბრალდებულები სახრჩობელაზე აიყვანეს. მარყუჟი ნელ-ნელა გაიჭიმა, რათა მაშინვე არ დახოცილიყვნენ. შემდეგ ნახევრად გონზე მყოფ მდგომარეობაში ჩამოხსნეს, ცოცხლად გაფატრეს და შემდეგ დაანაწევრეს.
ლეგენდის თანახმად, გაი ფოქსმა ამ ყველაფერს თავი მსუბუქად დააღწია. როდესაც 1606 წლის 31 იანვარს ყელზე მარყუჟი ჩამოაცვეს, ის თავად გადმოხტა ხარაჩოს კიდიდან და კისერი მოიტეხა. ასე რომ, ჯალათს ზემოხსენებული საშინელი მანიპულაციების ჩატარება უკვე ცხედარზე მოუხდა. გაი ფოქსი გარდაიცვალა, მაგრამ ბრიტანულ კულტურაში დარჩა. ყოველწლიურად, 5 ნოემბერს გაი ფოქსის ღამე აღინიშნება.