თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სამხედრო ლიცეუმის დასრულება მიულოცა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეთერთმეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს,

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, კადეტთა ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო ლიცეუმი წელს 79-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 6 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია.

27 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 4 გოგონაა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. კადეტები სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში. კურსდამთავრებულთა შორის არიან ფლექს პროგრამის, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადის, კონკურსის-„ვსაუბრობთ აფხაზეთზე“, შემოქმედებითი ოლიმპიადის, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კონკურსების გამარჯვებულები. ისინი მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოებულნი არიან დიპლომებით, სიგელებითა და მადლობის წერილებით.

ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ და ფიზიკურ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები