„გოგონა წითელი ბიკინით“ – ოფიციანტი, რომელიც სსრკ-დან ცურვით გაიქცა

1979 წლის იანვარში სიდნეის სანაპიროზე გამოჩნდა გოგონა წითელი ბიკინით. ერთი შეხედვით, ისეთი არაფერი – აქ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ მას შეშლილი სახე ჰქონდა და თანაც, საერთოდ არ საუბრობდა ინგლისურ ენაზე. გოგონამ პირველივე შემხვედრს მიმართა და ხელებით აუხსნა, რომ მას პოლიციის განყოფილება სჭირდებოდა. როგორც გაირკვა, გოგონას ლილიანა გასინსკაია ერქვა და ის ორთქლმავალი გემიდან გამოიპარა, რათა პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა.

საბჭოთა ლაინერი „ლეონიდ სობინოვი“ პირმონტის ყურეში იდგა. გვიან საღამოს ოფიციანტი ლილიანა გასინსკაია, რომელმაც ყველა ნივთი ოთახში დატოვა, ილუმინატორიდან გამოიპარა და ცურვით მივიდა სანაპირომდე. ამისთვის მას, სულ მცირე, ერთი დღე-ღამე დასჭირდა. როდესაც გემზე  აღმოაჩინეს, რომ ის ბორტზე არ იყო, მაშინვე გააგზავნეს ტელეგრამა საბჭოთა საელჩოში. გოგონას ეძებდნენ, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო – ის ადგილობრივი გაზეთის, Daily Mirror-ის თანამშრომლებმა გადამალეს.

სსრკ-ში ამ ინციდენტის შესახებ დუმდნენ, ხოლო ავსტრალიაში ლილიანა ცნობილი ადამიანი გახდა, მისი ფოტო ყველა ადგილობრივ გაზეთში იყო. ჟურნალისტებმა მას შეარქვეს „გოგონა წითელი ბიკინით“.

ყველა გამოცემა ცდილობდა, გამოქცეულთან ინტერვიუ ჩაეწერა, მაგრამ Daily Mirror-ის თანამშრომლები, რომლებიც მას თავიდანვე დაეხმარნენ, მანამ მალავდნენ გოგონას ადგილსამყოფელს, სანამ ხელისუფლება  მის ბედს არ გადაწყვეტდა.

კონკურენტები სახეს იხოკავდნენ, ხოლო Daily Mirror-ი ერთი მეორის მიყოლებით ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში 18 წლის გოგონამ მოჰყვა, თუ რამ აიძულა, გადაედგა ასეთი ნაბიჯი:

„მე 14 წლის ვიყავი, როდესაც მივხვდი, რა იყო კომუნიზმი და რა იყო მისი მიზანი. ჩემთვის გასაგები იყო, რომ ირგვლივ მხოლოდ სიცრუე და პროპაგანდაა და მე ის შემძულდა… რატომ გადავწყვიტე, რომ ავსტრალიაში გამოვქცეულიყავი? მე დავინახე ფოტო ჟურნალში და მიხვდი, რომ ეს ყველაზე ლამაზი ადგილი იყო დედამიწაზე“.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გასინსკაიას პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. ოპოზიცია ხელისუფლებაზე განრისხდა – თითქოს, ახლა ლტოლვილის სტატუსის მიღება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა ადამიანი ბიკინით. აქ იკვეთებოდა ორმაგი სტანდარტები: იმ პერიოდში უკან უშვებდნენ ისეთი მიგრანტებსაც, ვისაც ნათესავები ჰყავდა ავსტრალიაში. მინისტრი იმიგრაციის საკითხებში ამბობდა: „როგორ შეიძლება ადამიანის დეპორტირება, რომელიც სსრკ-დან, ბოროტების იმპერიიდან გამოიქცა?“

მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა იმის შესახებ, რომ მას კომუნისტური რეჟიმიდან სურდა გამოქცევა და თავისუფლების პოვნა სხვა ქვეყანაში, „შორს სიცრუისა და პროპაგანდისგან“, გოგონა ნაკლებად ჰგავდა დისიდენტს. მისი არგუმენტები, თავშესაფრის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ნაკლებად დამაჯერებელია: გამოქცეულმა განაცხადა, რომ არ შეუძლია სსრკ-ში ცხოვრება, ვინაიდან მისთვის მოსაწყენი იყო საბჭოთა მაღაზიებში სიარული. რას მოიცავდა სამშობლოში ხელისუფლების მიერ მისი დევნა, გოგონამ გარკვევით ვერ ახსნა. 

ლილია დიდი ხნით აპირებდა ავსტრალიაში დაფუძნებას, ამიტომ მას სამსახურის მოძებნა სჭირდებოდა. მან ყველაზე მარტივი გზა აირჩია: გააფორმა 15 000-დოლარიანი კონტრაქტი ეროტიკულ ჟურნალთან, Penthouse-თან და მისთვის ფოტოები გადაიღო. ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა ფოტო სათაურით: „გოგონა წითელი ბიკინით – ბიკინის გარეშე“. შემდეგ ის გახდა მოდელი, იყო დიჯეი და მონაწილეობდა სერიალებში. 

ძალიან მალე ლილიანამ პირადი ცხოვრებაც მოაგვარა. მისი პირველი რჩეული გახდა Daily Mirror-ის ჟურნალისტი, რომელიც მის გამო ოჯახიდან წამოვიდა. 1984 წელს გოგონა გათხოვდა ავსტრალიელ მილიონერზე, იან ჰაისონზე. ექვსი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ და ლილიანას კვალიც გაქრა. როგორც ცნობილია, მან ავსტრალია დატოვა და სავარაუდოდ, ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები