დროებითი ოჯახი უკრაინელი ბავშვებისთვის – პროექტი „ბავშვი მარტო არ არის“
ომის დროს ზოგიერთი ბავშვი მშობლების გარეშე რჩება – ზოგს ისინი ეღუპება, ზოგის მშობელი შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ზოგის კიდევ „წითელ ზონაშია“ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მშობლის დაკარგვის შემდეგ ინტერნატი ბავშვებისთვის შესაძლოა კიდევ ერთი ტრავმა გახდეს, ამიტომ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, რათა ასეთ დროს ბავშვები დროებით რომელიმე ოჯახში მოხვდნენ.
მარტში უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი ბავშვთა უფლებების მრჩეველ-კომისრის, დარია გერასიმჩუკის ინიციატივით, შეიქმნა ჩატ-ბოტი „ბავშვი მარტო არ არის“. მისი საშუალებით, მსურველს შეუძლია გამოთქვას მზაობა ბავშვის ოჯახში მიღების შესახებ.
ეთიკური მოსაზრებებით, სტატიის ყველა გმირის სახელი და სხვა პერსონალური მონაცემები შეცვლილია.
„ეჭვი მეპარებოდა, მოვახერხებდით თუ არა საერთო ენის პოვნას მოზარდებთან“
სამი თვის განმავლობაში, 16 წლის ხარკოველი ვადიმისთვის ბევრი რამ ხდებოდა „პირველად“. მან პირველად გაიგო სროლის ხმას თავის სახლთან ახლოს. პირველად გადაადგილდება მატარებლით მარტო, უცნობი მიმართულებით. მშობლებმა მას მისცეს ზურგჩანთა და ჩასვეს საევაკუაციო მატარებელში. შეუთანხმდნენ, რომ შემდეგ თავადაც ჩამოვიდოდნენ.
შემდეგ მან პირველად გაიცნო თავისი ქვეყნის დასავლეთ ნაწილი და პირველად წავიდა ეკლესიაში. მან პირველად გააკეთა „ვარენიკები“.
24 თებერვალს, როდესაც რუსეთის ჯარმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაიანში, 45 წლის ვალენტინას, მეუღლესთან ერთად, სამედიცინო კომისია უნდა გაევლოთ, რათა პატრონაჟის ოჯახი შეექმნათ. ბავშვის მიღებაზე ოჯახი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იყო შეთანხმებული. საბუთები, თითქმის, მზად ჰქონდათ, მაგრამ პროცესი ომის გამო შეჩერდა.
ვალენტინას ოჯახი დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს. ისინი თავიდანვე მიხვდნენ, რომ შეძლებდნენ ერთი ან ორი ბავშვის შეფარებას საჭიროების შემთხვევაში. მათ თავი შეახსენეს ბავშვთა საქმეების ადგილობრივ სამსახურს და უკვე ერთი კვირის შემდეგ მიიღეს ზარი.
„ადგილობრივ ეკლესიაში მოათავსეს ექვსი ბავშვი ხარკოვიდან – 8 თვიდან 3 წლამდე. ისინი შემდეგ უნდა წასულიყვნენ საზღვარგარეთ, მაგრამ დროებით ჩვენს ქალაქში მოხვდნენ. საჭირო იყო აღმზრდელების შეცვლა – რათა მათ დაებანათ და გამოეძინათ“, – იხსენებს ქალი.
ვალენტინამ დახმარების სურვილი გამოთქვა და მეუღლესთან ერთად, ბავშვებს უვლიდა. კიდევ სამი დღის შემდეგ ბავშვთა საქმეების სამსახურიდან დარეკეს. თქვეს, რომ არის დიდი ბიჭი, რომელიც ხარკოვიდან ჩამოვიდა და მას დროებით სახლის სჭირდება. ვადიმს ინტერნატში წასვლა არ უნდოდა, ხარკოვიდან საკუთარი ფეხით წამოვიდა და სად უნდა წასულიყო, არ იცოდა.
„ეჭვი მეპარებოდა, ვიპოვიდით თუ არა საერთო ენას 16 წლის მოზარდთან, მაგრამ გადავწყვიტე, მეცადა. ვადიმი ძალიან ზრდილობიანი ახალგაზრდა აღმოჩნდა. მასთან საერთო ენის პოვნა არ გაგვრთულებია. მე 21 წლის ვაჟი მყავს, ამიტომ გავიხსენე, თუ რა სჭირდებოდა მას წლების წინ“, – ჰყვება ვალენტინა.
ვადიმი სკოლაში უკრაინულს სწავლობდა, მაგრამ რუსულად საუბრობდა და ზოგიერთი დიალექტი, რომელსაც ქალი ხმარობდა, მას პირველად ესმოდა. ის გამუდმებით კითხულობდა, რას ნიშნავდა ესა თუ ის სიტყვა.
„მას აინტერესებდა ყველაფერი, რაც აქამდე არ უკეთებია. მოეწონა ჩემთან ერთად ვარენიკების გაკეთება, აგარაკზე სიარული, იმიტომ რომ ქალაქელი ბიჭია, რომელიც არასდროს ყოფილა დაკავებული სამუშოებით ბაღჩაში. კიდევ მთხოვა, რომ ეკლესიაში წამეყვანა“, – იხსენებს ვალენტინა
ბავშვთა საქმეების სამსახურის დახმარებით, ვალენტინამ ბიჭი ადგილობრივი სკოლის მეათე კლასში მოაწყო. დღის სამ საათამდე ის გაკვეთილებს online ესწრებოდა, შემდეგ კი, ქალაქში სასეირნოდ მიდიოდა. ის პირობას იძლეოდა, რომ სახლში 20:00 საათზე დაბრუნდებოდა და ეს პირობა არასდროს დაურღვევია. პარალელურად, ვალენტინას ოჯახმა განაცხადი შეიტანა ჩატ-ბოტის – „ბავშვი მარტო არ არის“ – მეშვეობით და შესაბამისი სწავლება გაიარა.
„ჩვენ გვასწავლიდნენ, როგორ გვეპოვა საერთო ენას ბავშვებთან, როგორ დაგვეღწია თავი რთული ვითარებიდან და გაგვეკონტროლებინა ბავშვი. ყველაზე მეტად მე პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი მომეწონა, რომელიც მთელი დღე მიმდინარეობდა“, – ჰყვება ვალენტინა.
ის ელოდა, რომ ვადიმი მის ოჯახში 1 ან 2 კვირა გაჩერდებოდა, მაგრამ მისმა მშობლებმა ხარკოვიდან თავი ვერ დააღწიეს. ისინი კავშირზე იყვნენ, ეკითხებოდნენ შვილს გაკვეთილების შესახებ, აგზავნიდნენ მათი რაიონის დაბომბვის ვიდეოებს და აგზავნიდნენ ფოსტით რვეულებსა და საგაზაფხულო ტანისამოსს. მაისის შუა რიცხვებში ქალაქში შედარებით სიმშვიდე იყო და ბიჭი სახლში დაბრუნდა.
„მე მას დარჩენას კიდევ ვთავაზობდი, ვინაიდან ხარკოვში სროლა კვლავ გრძელდება, არაინტენსიური, მაგრამ მაინც. ვერ ვიტყვი, რომ აცრემლებული ვუშვებდი, ვინაიდან თავიდანვე შთავაგონე საკუთარ თავს, რომ ეს დროებითი იქნებოდა და რომ მიჯაჭვება არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ დღემდე მაინც ვუკავშირდებით ერთმანეთს – მან მითხრა, რომ ძალიან მადლიერია, ვინაიდან შეძლო დაეწერა უკრაინულად პატარა მოთხრობა. ეს საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენთვისაც და მისთვისაც. თუკი კიდევ ერთ ბავშვს დასჭირდება დროებითი ოჯახი – ჩვენ მზად ვართ“, – ამბობს ვალენტინა.