„ოკუპირებულ ცხინვალში დანიშნული ე.წ. რეფერენდუმის შედეგი რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ იქნება, შემდეგ კრემლი ამას ჩვენზე ზეწოლისთვის გამოიყენებს“ – ზაალ კასრელიშვილი
რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე 17 ივლისს დანიშნული ე.წ. რეფერენდუმის შედეგი რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ იქნება, შემდეგ კი კრემლი ამას საქართველოზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 17 ივლისს რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ რეფერენდუმს ჩაატრებს. ამას კრემლის მთავარი იდეოლოგი, პესკოვი გამოეხმაურა. ასევე კარასანის განცხადების შესახებაც ვიცით. მათ თქვეს, რომ ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ეს როგორც განცხადება კარგია, იმედს იძლევა, მაგრამ ეჭვი გვეპარება, ცხინვალში, ან აფხაზეთში ვინმემ რაიმე კრემლის ნებართვის გარეშე გაბედოს. შეიძლება, ინიციატივა ცხინვალიდან მოდის, მაგრამ ამაში ეჭვი ძალიან გვეპარება. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ თუ 17 ივლისს ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდება, გვეცოდინება თავისი განცხადებების გამო პასუხი ვის მოვთხოვოთ. რაც შეეხება ე.წ. რეფერენდუმს და მის შედეგებს, ცხადია, რეფერენდუმის შედეგი რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ იქნება, შემდეგ კრემლი ამ შედეგს ჩვენს საწინააღმდეგოდ, ჩვენი ბულინგისთვის, ჩვენზე ზეწოლისთვის, ჩვენს არჩევანზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებს.
ასე იციან, რაღაც ინფორმაციას ინახავენ და როგორც კი ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ, იმ წუთში ასეთი ტიპის ინფორმაციას და დოკუმენტაციას სახეზე აგვაფარებენ ხოლმე.
რეფერენდუმს ჩაატარებენ. ეს მათ თვითდამკვიდრებისთვის , საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, კრემლისთვის თავის მოსაწონებლად სჭირდებათ. რაც შეეხება კრემლს – ოფიციალურად თუ არ აღიარებს, ჩავთვლით, რომ ეს კრემლის არაპირდაპირი მითითებით ჩატარდა. რეფერენდუმს თანხები სჭირდება, ცხინვალის ისედაც განახევრებული ბიუჯეტიდან კრემლის გარეშე თანხებს ასე იოლად ვერ განკარგავენ, ეს ყველამ კარგად ვიცით“ – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ეს ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა, მისი ყველა ინიციატორი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სანქციების ქვეშ უნდა მოხვდეს.
„ვითარება სახარბიელო არაა. არც ბევრი ბერკეტი გვაქვს, იმ ფორმატების გარდა, რომელიც პროცესებზე ზემოქმედებისთვის არსებობს. ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო საზოგადების მხარდაჭერის იმედად უნდა ვიყოთ. იმის იმედი უნდა გვქოდეს, რომ საბოლოოდ გონიერება გაიმარჯვებას. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ ე.წ. რეფერენდუმის ჩამტარებლების წინააღმდეგ ზეწოლა უნდა განხორციელდეს. ეს ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნება. თუ ეს ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა, მისი ყველა ინიციატორი სანქციების ქვეშ უნდა მოხვდეს“ – განაცხადა კასრელიშვილმა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისსაა დანიშნული.
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმი ადგილობრივების განწყობებს ასახავს, მოსკოვში კი საკითხზე არ მუშაობენ.
„რამდენადაც ჩვენ გვესმის, ეს ნამდვილად არის რესპუბლიკის ზოგადი განწყობის ასახვა, რესპუბლიკის მცხოვრებთა და ამ რესპუბლიკის წინა მეთაურის დამოკიდებულების ანარეკლი. მაგრამ ამ დროისთვის, რუსეთის კუთხით, საკითხზე არანაირი აქტივობა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა პესკოვმა.