„ორი ძაღლი მომიკვდა, დაიღუპა ბებია გალია და ჩემი საყვარელი ქალაქი“, – 8 წლის მარიუპოლელი ბიჭუნას დღიური
8 წლის ბიჭუნას დღიურმა მარიუპოლიდან, რომელშიც ოკუპაციაში საკუთარ ცხოვრებას აღწერს და ხატავს, ბევრ უკრაინელს გული აუჩუყა.
ბავშვი საკუთარ დანაკარგებზე, იარებზე და ქალაქზე წერს.
ბიჭუნას შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მისი ნათესავი ევგენი სოსნოვსკი ესაუბრა .
ევგენიმ მეუღლესთან და 90 წლის სიდედრთან ერთად ქალაქიდან წამოსვლა მოახერხა, ხოლო ბიჭუნა და მისი დედა დღემდე დასთან, მარიუპოლში იმყოფებიან.
ბიჭუნას დღიური მისმა დედამ იპოვა
ევგენიმ არ დაასახელა ბიჭუნას სახელი, ვინაიდან ის დედასთან და დასთან ერთად ჯერ კიდევ მარიუპოლში იმყოფება.
დღიურში, რომელიც ევგენიმ გამოაქვეყნა, ბიჭუნა საკუთარი ინიციატივით წერდა. ჩანაწერები მისმა დედამ შემთხვევით აღმოაჩინა.
„მან ძალიან განაცვიფრა ის. აცრემლებულმა მოგვიტანა ბიჭუნას დღიური. როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ წავიკითხეთ, ძლივს ვიკავებდით თავს. ამ რამდენიმე გვერდზე ბავშვმა უბრალო სიტყვებით აღწერა ის, რაც დაინახა ომის დროს“, – ამბობს ევგენი.
დღიური იწყებოდა ასე: „მე კარგად მეძინა, გავიღვიძე და გავიღიმე“.
შემდეგ ბავშვი საშინელ რამეებზე წერს: ბაბუის სიკვდილზე და ჭრილობაზე. მიუხედავად ამისა, ბაჭუნა მშვიდობიან ცხოვრებაზე ოცნებობს. მან ასევე ნახატებით შეავსო თავისი დღიური, სადაც ერთმანეთს ომი და მშვიდობა ენაცვლება.
„მე ორი ძაღლი მომიკვდა, დაიღუპა ბებია გალია და ჩემი საყვარელი ქალაქი“, – წერს ბავშვი.
დღიურში ბიჭუნას ყველაფერი არ აღუწერია, რაც მის ოჯახს თავს გადახდა. ბიჭუნა, მისი დედა და და გადარჩნენ, მაგრამ ოჯახი ვერ ბედავს ქალაქის დატოვებას.