თბილისის საკრებულომ მუზეუმების გაერთიანების დიზაინერები დააჯილდოვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული სამუზეუმო კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების 3 დიზაინერი დააჯილდოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ტყემალაძემ და კახა ლაბუჩიძემ ნინო თედიაშვილს, ნინო ზარიძესა და ნინო ანდრიაშვილს სპეციალური სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დიზაინერები საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით დააჯილდოვეს.

“სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციის საქმეში ამ ადამიანებს განსაკუთრებული დამსახურება აქვთ. ის ფაქტი, რომ მუზეუმი საინტერესო და მიმზიდველია როგორც ძველი, ისე ახალგაზრდა თაობისთვის, ეს სწორედ იმ ინოვაციური და მოდერნისტული ხედვის დამსახურებაა, რაც ამ ადამიანებს მიუძღვის”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ამასთან, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, მე-5, 23-ე, 31-ე და 98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინი სანადირაძე და მუზეუმის თანამშრომლები სამუზეუმო მრავალფეროვნებაზე, პოპულარიზაციაზე და იმ ეპოქაზე ესაუბრნენ, რომელშიც დიდი ხელოვანები ცხოვრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები