კახა ლაბუჩიძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ვაზისუბანში ახლადგახსნილი „ევექსის“ პოლიკლინიკა დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი კახა ლაბუჩიძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის „ევექსის“ პოლიკლინიკას ეწვივნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრებულოს წევრებმა ის გარემო დაათვალიერეს, სადაც მოქალაქეები პოლიკლინიკაში არსებულ სერვისებს იღებენ. პოლიკლინიკის დირექტორთან გიორგი გორდაძესთან და სამედიცინო პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე კახა ლაბუჩიძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ მაღალი ხარისხის ამბოლატორიული მომსახურების, მაღალკვალიფიციური პერსონალის არსებობისა და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ მსგავსი სერვისების მიმწოდებელი პოლიკლინიკების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ისნის რაიონში, შანდორ პეტეფის 36-ში ახალი პოლიკლინიკა გახსნა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, აღჭურვილია ახალი სამედიცინო აპარატურით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით არის დაკომპლექტებული.

საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკებისთვის ეს რიგით 34-ე სამედიცინო დაწესებულებაა, ხოლო თბილისში უკვე მერვე პოლიკლინიკა, ვაზისუბანში, რაც ჩემთვის, როგორც რაიონის მაჟორიტარისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან რაიონის მცხოვრებლებს სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს ვუქმნით“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, ნებისმიერი სტატუსის მქონე პირთათვის აღნიშნული სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„საზოგადოების ჯანმრთელობა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული პოლიკლინიკების და კლინიკების არსებობა.

გეგმური ამბულატორიული მომსახურება, პაციენტზე ორიენტირებულობა, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების არსებობა ქმნის მოქალაქეებისთვის კომფორტულ გარემოს და რაც უმნიშვნელოვანესია, ამ სერვისებისადმი ნებისმიერი სტატუსის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობა, რისი წინაპირობაც, დედაქალაქის მოქალაქეებისთვის საჭირო კვლევების თანადაფინანსებაა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. მსგავსი სერვისების არსებობა, საზოგადოების ჯანმრთელობის გარანტიაა“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები