ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის შექმნასა და გამარჯვებაში ქალები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო  სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის

თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავაც ყველა ჩვენგანის, თითოეული ქალისა და მამაკაცის საქმეა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის შექმნასა და გამარჯვებაში ქალები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო  სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის.

„შემუშავდა და დაიხვეწა კანონმდებლობა ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ხარისხიანი ჯანდაცვისა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა, კვოტირების მექანიზმის შემოღება ამ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. 

დღეს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით,  ამ მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, რასაკვირველია, ძალზე სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად შიდაპარტიული დემოკრატიისა და თანასწორობის გაძლიერებისათვის. და მე მჯერა, რომ ის მიზნები, რომელთა მიღწევის ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს – ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების დღის წესრიგში მეტად გამოკვეთა და გადაჭრა, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა – ასევე კარგია მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. 

ასე, რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ თანადგომას გპირდებით და თქვენი, ჩვენი საერთო მიზნის მიღწევას და წარმატებას გისურვებთ“, –  აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები