ზურაბ აბაშიძე – „მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება”
მთაწმინდის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის მიზნით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად მოინახულა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
მისი თქმით, ნინო ჟვანიას ქუჩის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად ძალიან მალე მთაწმინდის რაიონში გაჩნდება კიდევ ერთი ახალი კეთილმოწყობილი სკვერი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცევა. „მოხარული ვარ, რომ მთაწმინდის რაიონში იზრდება რეკრეაციული სივრცეების რაოდენობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს სიმწვანესა და ჯანსაღ გარემოში დასვენებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.
“აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში სკვერების რეაბილიტაცია-მშენებლობისა და გამწვანების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 1500 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობას ითვალისწინებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინიციატივით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 630 000 ლარია. სკვერის მოწყობის სამუშაოების შედეგად ადგილზე დამონტაჟდება ლედ განათების სისტემა და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.
კეთილმოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე თანამედროვე ატრაქციონებით, მოსასვენებელი პავილიონები და საფეხმავლო ბილიკები. ამასთან, არსებულ ტერიტორიაზე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება რულონური ბალახი. სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება.