მოსკოვის გამზირზე არსებული ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში მორიგი პროექტი ხორციელდება. ეს არის რეკრეაციული სივრცის მოწყობა. აქ ყოველთვის იყო დასასვენებელი პარკი, თუმცა, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს – გაუბედურებულია არსებული ტერიტორია.

არჩევნებზე მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ეს სივრცე იქნებოდა ყველანაირად მოწესრიგებული. დღეს დაიწყო სამუშაოების განხორციელება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები და ატრაქციონები ბავშვებისთვის. მთლიანად იქნება განხორციელებული და შეცვლილი დენდროლოგიური პროექტი. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რაც კი საჭიროა რეკრეაციული სივრცეებისა და პარკებისთვის, გაკეთდება და დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვარძიის სკვერში, რომლის ფართობიც 8 300 კვადრატული მეტრია, შადრევანი, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი და გარე განათების სისტემები მოეწყობა. ტერიტორია გამწვანდება და დაითესება ბალახი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები