გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გაიყიდება
გუდიაშვილის მოედანზე არსებული რეაბილიტირებული სივრცეები აუქციონზე გაიყიდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესსექტორი მსგავსი სივრცეების განვითარებას უკეთ შეძლებს, მუნიციპალიტეტის მთავრობა კი შემოსული თანხით, სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. „ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები რეაბილიტირდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს შენობა-ნაგებობები დაიტვირთება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. იცით, რომ ეს ფართები მუნიციპალური საკუთრებაა. ვიცე-მერს დავავალე, ბიზნესსექტორთან დაეწყო მუშაობა, რომ მსგავსი სივრცეების აუქციონის ფორმით პრივატიზაცია მომხდარიყო. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული რეაბილიტირებული სივრცეები მზადაა აუქციონზე გასაყიდად“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული ოთხი ობიექტის ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარამდეა.
„დარწმუნებული ვარ, არსებულ ობიექტებს ისეთი კომპანიები ან ფიზიკური პირები შეიძენენ, რომლებიც საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებენ. ჩვენ კი ზედამხედველობას გავუწევთ პროცესის მიმდინარეობას. ამ სივრცის განვითარება სწორად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, გუდიაშვილის მოედანზე არსებული საპრივატიზაციო ობიექტებია: ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი, N1/ ლადო გუდიაშვილის მოედანი N6. აქ ოთხი ფართია, რომელთა ჯამური ღირებულება 4 428 776 ლარია; გუდიაშვილის მოედანი N2, ექვსი ფართი – ჯამური ღირებულება 3 265 865 ლარი; ლერმონტოვის ქუჩა N2 – სამი ფართი – ჯამური ღირებულება – 4 008 383 ლარი; აბესაძის ქუჩა N23, ექვსი ფართი – ჯამური ღირებულება – 6 242 916 ლარი.