დალაი ლამას ახალგაზრდობა ფოტოებზე და მათ მიღმა
მე-14 დალაი ლამა, ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი) დაიბადა 1935 წლის 6 ივლისს ამდოში, ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. დალაი ლამად აღიარეს 1937 წელს. 1950 წელს გახდა ტიბეტის მმართველი. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში.
ლჰამო დონდრუბი დაიბადა გლეხის ოჯახში, ამდოში, სოფელ ტაგცერში. იგი 9-შვილიანი ოჯახის მეხუთე შვილი იყო. მისი მშობლები, ისევე როგორც სოფლის სხვა ბინადრები, ქერის, ხორბლის და კარტოფილის მოყვანით იყვნენ დაკავებულნი. ლჰამოს უფროსი ძმა, ტუფტენ ჯირგმე ნორბუ 8 წლის ასაკში აღიარებული იყო როგორც დიდი ლამა ტაკცერ რინპოჩეს რეინკარნაცია. დალაი ლამა საკუთარ წარმომავლობაზე წერს თავის ავტობიოგრაფიაში „ჩემი მიწა – ჩემი ხალხი“:
მე რომ მდიდარ, არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, მაშინ ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს, მაგრამ ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია გავუგო მათ, წინასწარ ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
1909 წელს XIII დალაი ლამა მოგზაურობდა წმინდა ადგილებში და მოინახულა სოფელი ტაგცერი. იგი მას ძალიან მოეწონა და მოისურვა ამ ადგილებში დაბრუნება. 1935 წელს დალაი ლამა გარდაიცვალა და ბერებმა დაიწყეს მისი ახალი გარდასახვის ძიება. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდნენ ისინი ტაგცერში 1937 წელს. პატარა ლჰამომ უმალვე მიიპყრო ბერების ყურადღება. მან გაიარა შესაბამისი გამოცდები და აღიარებულ იქნა დალაი ლამას ახალ გარდასახვად. სოფელი ჩინეთის იურისდიქციაში შედიოდა და ბავშვის და მისი ოჯახის ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში გადასაყვანად, ბერებს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, ბერებმა არ გაამხილეს, თუ რა მიზნით მიჰყავდათ ოჯახი ლჰასაში, მათ მოქრთამეს ადგილობრივი მმართველი და 1939 წელს წაიყვანეს ოჯახი ლჰასაში, სადაც პატარა დალაი ლამა დალაი ლამების რეზიდენცია პოტალაში დაასახლეს.
დალაი ლამას კურთხევა მოხდა 1940 წლის 22 თებერვალს ლჰასაში. 6 წლის ასაკიდან მან დაიწყო განათლების მიღება ტრადიციული ტიბეტური სისტემით, რომლის თანახმადაც, იგი სწავლობდა ხუთ დიდ მეცნიერებას: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და კულტურა, სანსკრიტი, მედიცინა და ბუდისტური ფილსოფია. ასევე, ხუთ მცირე მეცნიერებას: პოეზია, მუსიკა და დრამატული ხელოვნება, ასტროლოგია და სიტყვიერება. 25 წლის ასაკში კი დალაი ლამამ ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის – გეშე ლჰარამბას წოდება მიიღო.
დალაი ლამა 14 წლის იყო, როდესაც იგი პირველად შეხვდა და შემდეგ დაუახლოვდა ტიბეტში მცხოვრებ ავსტრიელ ალპინისტს, ჰაინრიხ ჰარერს, რომელმაც მოგვიანებით აღწერა მათი ურთიერთობა თავის წიგნში „შვიდი წელი ტიბეტში“.
1949 წლის მიწურულს ტიბეტისთვის ცხადი გახდა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე. ტიბეტს ჩინური აგრესიის შეჩერების, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ ჰქონდა. 1950 წელს ჩინეთის წითელი არმია შემოიჭრა ტიბეტში და დაიკავა ქვეყნის აღმოსავლეთი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საკუთარი უკმაყოფილება მხოლოდ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა. ამ დროს დალაი ლამა ჯერ არ იყო სრულწლოვანი და ქვეყანას მის ნაცვლად რეგენტი მართავდა. ტიბეტელები გამოდიოდნენ ძალაუფლების დალაი ლამასთვის გადაცემის მოთხოვნით. ხალხი მას უკანასკნელ იმედად აღიქვამდა. 17 ნოემბერს 16 წლის დალაი ლამა ოფიციალურად გახდა ქვეყნის მმართველი და მთავრობის მეთაური, მაგრამ ჩინეთის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.
1954 წელს ის ჩავიდა პეკინში მაო ძედუნთან და კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 1956 წელს იგი ინდოეთში ჩავიდა ბუდას 2500 წლის აღსაღნიშნავად, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს შეხვდა.
1959 წლის ზამთარში ლოცვის ფესტივალ მონლამზე, ლჰასას მთავარ ტაძარში დალაი ლამას საბოლოო გამოცდა ჩატარდა 20 000 ბერის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც, მან ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.
დალაი ლამას სამშვიდობო ინიციატივები გაბათილებულ იქნა პეკინის ხისტი პოლიტიკით აღმოსავლეთ ტიბეტში, რამაც მალევე დიდი არეულობა და ანტიჩინური აჯანყებები გამოიწვია ტიბეტში. 1959 წლის 10 მარტს ლჰასაში დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის აჯანყება, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ ჩინელების ტიბეტიდან წასვლას და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. აჯანყება ჩინეთის არმიამ სასტიკად ჩაახშო. დალაი ლამა იძულებული გახდა, დაეტოვებინა ტიბეტი და მან თავი ინდოეთს შეაფარა, სადაც მან და კიდევ 80 000 ტიბეტელმა პოლიტიკური დევნილების სტატუსი მიიღეს. მას შემდეგ ტიბეტის დევნილი მთავრობა ქალაქ დჰარმსალაში განთავსდა, რომელსაც ტიბეტელები პატარა ლჰასას უწოდებენ.
დევნილობის პირველ წლებში დალაი ლამა არაერთხელ მიმართავდა გაეროს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს. ჯავახარლალ ნერუს, ძალისხმევა გამოეჩინათ ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით. შედეგად გაერომ მიიღო 3 რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩინეთს, დაეცვა ტიბეტში ადამიანთა უფლებები.
დალაი ლამა მიიჩნევდა, რომ მისი უპირველესი ვალი ტიბეტური კულტურის გადარჩენაა, ამიტომ შეიქმნა ტიბეტელი ლტოლვილების კომპაქტური დასახლებები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც სასოფლო მეურნეობა გახდა. ამან საშუალება მისცათ ტიბეტელებს, საკუთარ კულტურაში აღეზარდათ ახალი თაობა. 1959 წელს შეიქმნა ტიბეტური დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი (TIPA) და უმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი. ამის გარდა, აშენდა 200 მონასტერი.
1963 წელს დალაი ლამამ მიიღო ტიბეტის კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ბუდისტურ პრინციპებს და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციას, როგორც მომავალი დამოუკიდებელი ტიბეტის მოდელი. მოხდა ტიბეტის პარლამენტის არჩევაც.
1987 წელს აშშ-ს კონგრესის თათბირზე დალაი ლამამ წარადგინა 5-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის თანახმადაც, ტიბეტში უნდა დაცულიყო ადამიანის უფლებები, დამყარებულიყო დემოკრატია, უნდა შეწყვეტილიყო ჩინელების მასიური გადმოსახლება, ბირთვული იარაღის წარმოება და რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვა, ხოლო ამის შემდეგ დაწყებულიყო ტიბეტის მომავალზე სერიოზული საუბარი. შემდეგ, 1988 წელს სტრასბურგში მან უფრო გააფართოვა მოთხოვნები, დაამატა ტიბეტის თვითმმართველობა ჩინეთის შემადგენლობაში, თუმცა ჩინეთის მწვავე კრიტიკის გამო, ტიბეტის დევნილმა მთავრობამ უარყო ეს უკანასკნელი მოთხოვნა 1991 წელს.
იმავე წელს დალაი ლამამ გამოთქვა ტიბეტის მონახულების სურვილი, სიტუაციის შესაფასებლად. 2001 წელს პირველად, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით, არჩეულ იქნა ტიბეტის კალონ ტრიპა (პრემიერ მინისტრი). დალაი ლამამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ იგი უკვე ნახევრად გადამდგარია და ტიბეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აღარ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას, ხოლო იარსებებს თუ არა დალაი ლამას ინსტიტუტი მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ტიბეტელთა გადასაწყვეტია.