თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით:
ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის გამო;
ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება აქამდე თუ 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ასევე გაორმაგდება საურავი, რომელიც ამჟამად 100 ლარია;
50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება, ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავი 200 ლარი იქნება;
თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმა ამჟამად არის 10 ლარი, ხოლო ცვლილებების შემდეგ გახდება 50 ლარი;
თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის პირი ამჟამად ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, ასევე გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
თბილისში შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა არის 50 ლარი, ცვლილებები კი ითვალისწინებს მის გაზრდას 100 ლარამდე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
თბილისში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების სხვა წესის დარღვევა აქამდე ითვალისწინებდა ჯარიმას 10 ლარის ოდენობით, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი ჯარიმა გახდება 50 ლარი;
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს;
მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდება და შედგება ელექტრონული ოქმი, ხოლო სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება, ასევე გაეგზავნება SMS შეტყობინება;
ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას;
მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და ა.შ სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი კი იქნება 200 ლარი;
მუნიციპალიტეტს ეძლევა უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში, გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური განსაზღვროს.