თბილისის საკრებულოში ასურული ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით,  საკრებულოში ასურული ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ გახსნა, რომელმაც  ასურული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ასურული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში ასურული ახალგაზრდული ორგანიზაციის „ნინევია“ თავმჯდომარე ეკატერინე ბიტკაში უძღვებოდა. ორგანიზატორებმა ასურელი ეთნიკური კოსტიუმების გამოფენა და ასურელი მხატვრების ნამუშევრები წარმოადგინეს.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა და ასურული თემის წარმომადგენლებს ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„დღეს კიდევ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა ვიზეიმოთ ჩვენი საზოგადოების კულტურული მრავალფეროვნება და აღვნიშნოთ ასურული ენის დღე. უძველესი და მდიდარი ისტორიის მქონე ასურელები ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და სახელმწიფო ხელს უწყობს მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ამის დასტურია ის, რომ განათლების სამინისტროს მიერ სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში დანერგილია ასურული ენის სწავლება“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მოწვეულმა სტუმრებმა საღამოზე ასურული სიმღერა მოისმინეს. ასურელმა ბავშვებმა ანბანის ჩვენება-პერფორმანსი მოაწყვეს, ქართულ და ასურულ ენებზე ლექსები წაიკითხეს და სოფელ ქანდის საჯარო სკოლაში ასურული ენის სწავლების შესახებ ფილმი წარმოადგინეს.

საღამოზე სიტყვით ასევე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრის ხელმძღვანელი მარიამ ჩაჩიბაია გამოვიდნენ.

ღონისძიების დასასრულს კი, თბილისის ასურელი თემის გამოჩენილი წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები