ესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში „Locked Shields 2022“ მესამე ადგილი მოიპოვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის CCDCOE-ს მიერ ორგანიზებული კიბერწვრთნა „Locked Shields 2022“ წარმატებით დაასრულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში მესამე ადგილი მოიპოვა. 24 გუნდიდან პირველი ადგილი ფინეთმა, ხოლო მეორე – ლიეტუვა-პოლონეთის ერთობლივმა გუნდმა დაიკავეს.
„Locked Shields“ ყოველწლიური, რეალურ დროში ჩატარებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლებაა, რომელიც CCDCOE-ს ორგანიზებით ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. საქართველო, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სახით აღნიშნულ სწავლებაში 2015 წლიდან მონაწილეობს.