ისტორია კაცზე, რომელმაც ომის დროს უამრავი ცხოველი გადაარჩინა და დღესაც იგივეს აგრძელებს

ირპენის მკვიდრმა, მსახიობმა, ალექსეი სუროვცევმა მიტოვებული, შეშინებული და მშიერი ცხოველები გადაარჩინა დაბომბილი სახლებიდან და ბინებიდან.

ზოგს უბრუნებდა პატრონებს, ზოგი სხვა ოჯახებში დაასახლა, სხვები კი, იმ თავშესაფარში რჩებოდნენ, რომელიც მსახიობმა დააარსა.

მან „უკრაინულ პრავდას“ უამბო, თუ როგორ შექმნა ომმა მისგან ცხოველების გადამრჩენელი.

ალექსე სუროვცევი კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით ომამდე.

„მე არაჩვეულებრივი სამსახური მქონდა 24 თებერვლამდე. მჭიდროდ დატვირთული გადაღებების, კონცერტების და ღონისძიებების ცხრილით“, – ჰყვება ის.

უკრაინაზე თავდასხმამდე ალექსეი შვებულებაში წავიდა, რომელსაც 2,5 წელი ელოდებოდა. მსახიობი „ბუკალევში“ ისვენებდა და როდესაც კიევის მოსახლეობის ნაწილი უკრაინის დასავლეთ ნაწილში მიდიოდა, ალექსეი ეძებდა საშუალებას, რომ სახლში, ირპენში გამგზავრებულიყო.

დაბრუნებისას ის მოლოტოვის კოქტეილებს აკეთებდა, პატრულირებდა ქუჩებში, იჭერდა მაროდიორებს და ეხმარებოდა მეზობლებს.

 

ის ვიდეომიმართვებს წერდა თავისი რუსი გამომწერებისთვის და ცდილობდა აეხსნა, რომ უკრაინას არ სჭირდება „გათავისუფლება“ და მოუწოდებდა დედებს, სახლში წაეყვანათ საკუთარი „მეომრები“.

„მე ნამყოფი ვარ რუსეთში. გასტროლების ფარგლებში, მთელი რუსეთი შემოვლილი მაქვს. მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კაზანი, როსტოვი… ამით თქვენი რუსეთი მთავრდება. შემდეგ ყველგან სიღარიბეა. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენ გვინდა, რუსეთის ნაწილი ვიყოთ?“, – ამბობს ის.

ცოტა ხნის შემდეგ ახალ სახლს, სადაც სუროვცევი ცხოვრობდა, რუსებმა ტანკებიდან ესროლეს. მსახიობი მეზობლებთან ერთად აქრობდა ხანძარს – ორი ბინის გადარჩენაც კი მოახერხეს, ის ქალებსა და ბავშვებს ევაკუაციაში ეხმარებოდა. თუმცა, გრძნობდა, რომ მისი მისია ომში სხვა იყო.

 

მინდოდა, რომ სასარგებლო ვყოფილიყავი, მაგრამ არსებობს ასეთი მეტაფორა: როდესაც ფილმის სცენარში არსებობს ისეთი სცენები, რომელთა ამოღების შემდეგ არაფერი შეიცვლება, ისინი არაა საჭირო. ასე ვარ მეც. ხალხს ევაკუაციაში ვეხმარებოდი და ვფიქრობდი, რომ ყველა ისედაც ამით არის დაკავებული და აქ არ ვარ საჭირო“, – იხსენებს ალექსეი.

პირველი კატა დახურული მანქანიდან დაიხსნა

ერთხელ ალექსეის სთხოვეს, რომ კატა გადაერჩინა, რომელიც ჩანთაში, დახურულ მანქანაში დარჩა. ცხოველი წყლისა და საკვების გარეშე 4 დღე იჯდა. სუროვცევმა კატა ამოიყვანა და „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საცოდავი ცხოველის პატრონს მიმართა. მალე მას კატის პატრონი გამოეხმაურა. ერთი წლის წინ პატრონები უკრაინიდან წავიდნენ და მათი 5 კატა, რომელიც ქუჩიდან ჰყავდათ აყვანილი, მოხუც დედასთან დატოვეს. როდესაც ომი დაიწყო, ქალი კატებით დროულად ვერ გაიყვანეს ქალაქიდან. პენსიონერი, ორი კატით, მხოლოდ 5 მარტს გადაარჩინეს.

„დედას კანტუზია დაემართა და მან მეხსიერება დაკარგა. ქალი დაბომბვის დროს გამოიყვანეს ბიჭებმა და გადაწყვიტეს, რომ მისი სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ მხოლოდ ის წაიყვანეს. კატა მანქანაში დარჩა“, – ჰყვება კატის პატრონი.

კიდევ ორი კატა მოგვიანებით ოჯახის სახლიდან გამოიყვანეს. ამის შემდეგ მსახიობმა ბევრი შეტყობინება მიიღო, რომლებშიც სთხოვდნენ, რომ მათი ცხოველები გადაერჩინა ირპენში დახურული ან დაბომბილი სახლებიდან.

„ვიდეო კატასთან ერთად ძალიან სწრაფად გავრცელდა. მომდის შეტყობინებები ცხოველების გადარჩენის თხოვნით. მე ძალიან მიყვარს ცხოველები, ამიტომ ვცდილობდი, ყველას დავხმარებოდი. გადარჩენილი ცხოველები გადავეცი პატრონებს ან ახლობლებსა და მეგობრებს. ისინი, ვინც ქუჩაშია, უბრალოდ, ვცდილობთ, გამოვკვებოთ. ცხოველს ქუჩაში გადარჩენა შეუძლია. ყველაზე საშინელებაა, როდესაც ის დახურულ ბინაშია და შიმშილისგან კვდება“, – ყველა ალექსეი.

გამოჰყავდა ცხოველები ბომბების ცვენისას, დანგრეული სახლებიდან

ხანდახან ცხოველებამდე მისვლა არც ისე ადვილი იყო. ერთხელ კარის ამოღება მოუწია, რათა მშიერი და შეშინებული კატა გამოეყვანა. ერთხელ ისეც მოხდა, ალექსეიმ ერთ დღეში 300 შეტყობინება მიიღო, მაგრამ დღე-ღამეში მხოლოდ 10-15 ცხოველის გადარჩენას ახერხებდა. ის დანგრეულ ქალაქში დადიოდა, ხედავდა განადგურებულ რუსულ ტექნიკას, დახვრეტილ და ცეცხლმოკიდებულ მანქანებს, დადიოდა ბინებში, რომელთაც კედლებიც კი არ ჰქონდათ შერჩენილი.

 

ნანგრევების გადალახვისას ის ეძებდა კატებსა და ძაღლებს, ეძახდა მათ, ხოლო როდესაც პოულობდა – ეფერებოდა, ამშვიდებდა, აჭმევდა და გადასატან კალათებში სვამდა.

კატებს, რომლებიც გარბოდნენ, იჭერდა პირსახოცით ან ზეწრებით, ხოლო ძაღლების შემთხვევაში, ალექსეის მათ გამოკვება და ლოდინი უწევდა, რათა ახლოს მოსულიყვნენ. ასეთი ვითარება იყო ძაღლთან, სახელად – რუბი, რომელიც ალექსეიმ გადაარჩინა. დიდი ძაღლის პატრონები მალევე გამოჩნდნენ. ძაღლი წარმოუდგენლად ბედნიერი იყო, როდესაც ისინი კვლავ ნახა

„რამდენჯერმე, კატების ევაკუაციის დროს დავინახე ადამიანების ცხედრები და მკვდარი ცხოველები. შიშს მგვრიდა ტანკებთან ჩავლა, რომელთაც ასო V  ეწერათ“, – იხსენებს ალექსეი.

ერთხელ მამაკაცმა დღეში 30 კატის, ერთი პატარა ძაღლისა და ორი ნაგაზის გადარჩენა შეძლო. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილი იყო.

ერთ კატას ალექსეი სახლში სამი დღის განმავლობაში ეძებდა, ის კი, კარადაში იმალებოდა.

„ყოველდღე ისე დავდიოდი, როგორც – სამსახურში. ყოველთვის ვამბობდი, რომ სამსახური სიამოვნებას უნდა გგვრიდეს და მაშინ შედეგიც მშვენიერი იქნება. ამ საქმეს სამსახურს ვერ დავარქმევ, მაგრამ ის ჩემს სულთან ახლოსაა. დიახ, საშიშია, სახიფათოა და მძიმეა, მაგრამ როდესაც ხედავ ამ შეშინებულ თვალებს, მაშინ ხვდები, რომ ეს ყველაფერი ფუჭი არაა“, – ამბობს ალექსეი.

ცხოველებისთვის, რომელთაც პატრონი არ გამოუჩნდათ, მან თავშესაფარი შექმნა ვეტერინარულ კლინიკასთან, სადაც კატები და ძაღლები რეაბილიტაციას გადიან. აქ ისინი ელოდებიან თავიანთ ძველ ან ახალ ოჯახებს. კიევის რაიონის რუსებისგან გათავისუფლების შემდეგ ალექსეი კვლავ პოულობს ცხოველებს, აჭმევს მათ და პატრონებს უბრუნებს.

ცოტა ხნის წინ მან ჰოსტომელამდე მიაღწია.

მსახიობი დარწმუნებულია, რომ თუკი ოდესმე ირპენსა და უკრაინაზე ფილმს გადაიღებენ, ის აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება.

„ცხადია, როგორც სიცოცხლეში, ისე კინოშიც… ჩვენ – ძლიერი და დიდებული ერი ვართ. და ეს სწორია! ჩვენ არ ვტოვებთ გაჭირვებაში არავის, არც ცხოველებს, არც ადამიანებს. ჩვენ, უბრალოდ, ვიბრძვით ბოლომდე“, – ამბობს ალექსეი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები