„მადონა“ კიევის მეტროდან – როგორ იქცა ბავშვიანი ქალის ფოტო ნეაპოლის ტაძრის ხატად
ომის პირველ დღეებში მედიაში და სოციალურ ქსელში გამოჩნდა ქალის ფოტო, რომელიც კიევის მეტროში ჩვილს აჭმევდა. ფოტო უბრალოდ „ვირუსული“ კი არ გახდა – მის მოტივებზე შეიქმნა ნახატი, შემდეგ კი, დაიწერა ხატი, რომელიც ახლა ნეაპოლის ერთ-ერთ ტაძარს ამშვენებს.
ქალი ჩვილით მეტროში – ეს კიეველი ტატიანა ბლიზნიაკია ქალიშვილ მარიჩკასთან ერთად, რომელიც ფოტო გადაღების დროს მხოლოდ ორი თვის იყო. 25 თებერვალს ტატიანა მეუღლესთან, ქალიშვილთან და მოპსის ჯიშის ძაღლთან, ფიბისთან ერთად კიევის მეტროში ჩავიდა, როდესაც საჰაერო სიგნალი ჩაირთო.
ტატიანას ფოტო უნგრელმა ჟურნალისტმა, ანდრაშ ფელდეშმა გადაიღო. მან ის თავის „ინსტაგრამ“ გვერდზე გამოაქვეყნა. ფოტო კი მომენტალურად გახდა „ვირუსული“.
ამ ფოტომ ბევრი ხელოვანი ადამიანი შთააგონა. მაგალითად, დნეპრელი ილუსტრატორი მარინა სოლომენიკოვა ამ ფოტოს ახალი ამბების გაცნობის დროს გადააწყდა.
„ჩემს გონებაში მაშინვე აეწყო ყველა ფაზლი – ეს ქალი ბავშვთან ერთად ყველა უკრაინელი დედის სიმბოლო იყო, რომლებიც იძულებულები არიან, დაემალონ რუსულ იარაღს“, – ამბობს მარინა.
მან ტატიანა მატარებლების მოძრაობის სქემაზე გამოსახა, ოქროსფერი შარავანდედით თავზე.
„უკრაინელი დედები ყველაზე მამაცები და ძლიერები არიან“, – აღწერა თავისი ნამუშევარი მარინამ.
ამის შემდეგ მარინას ილუსტრაცია საკუთარ გვერდზე ვატიკანის სამდივნოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა, ჯეიმს მარტინმა გამოაქვეყნა. ქალის გამოსახულებას შარავანდედით „კიევის მადონა“ უწოდეს.
ცოტა ხნის წინა „კიევის მადონა“ იტალიაში, ქალაქ ნაპოლის ერთ-ერთ ტაძარში ხატად იქცა. ხატის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უკრაინელმა მღვდელმა, ვიაჩესლავ ოკუნმა, რომელიც ახლა რომში სწავლობს. ასეთი ხატის შექმნის ინიციატორი ზუსტად ის გახლდათ.
აღნიშნული ნახატის პროტოტიპები – ტატიანა ბლიზნიაკი და მისი ქალიშვილი – რომელიც ახლა, თითქმის, ოთხი თვისაა, უსაფრთხოდ არიან უკრაინის დასავლეთ რეგიონში.