აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და სადღესასწაულო დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დედაქალაქის მერმა იმ ავტობუსების მარშრუტებიც დაასახელა, რომლებიც მოქალაქეებს 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება. „მოახლოვდა აღდგომის დღესასწაული და მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით.

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას, გვიან სრულდება ეს ყველაფერი და ისინი შესაბამისად, სახლში დაბრუნებას საჭიროებენ. ჩვენ ვიზრუნეთ მათზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება. კერძოდ, მეტრო 24 აპრილს გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“; ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები