ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ტურიზმის“ დამფუძნებელი ჯემალ ხახუტაიშვილი, მოქალაქეები: მამუკა მელიქიშვილი და ზაზა მორჩილაძე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან მიაწოდეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯემალ ხახუტაიშვილმა, მამუკა მელიქიშვილმა და ზაზა მორჩილაძემ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თითქოსდა, მათ მოქალაქეს გაუწიეს 127 000 ლარის ღირებულების სატრანსპორტო მომსახურება, ამის სანაცვლოდ მათ 37 000 ლარი აიღეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.