„ძაღლი მივიდა და ცრემლები აულოკა“ – „მაკაროველ ჰაჩიკოს“ მოსიყვარულე პატრონი გამოუჩნდა
„მაკაროველ ჰაჩიკოს“ – აკიტა-ინუს ჯიშის ძაღლს, სახელად, რინი – ახალი სახლი და მოსიყვარულე პატრონები ჰყავს, რომლებმაც იციან, როგორ შეინახონ ასეთი ცხოველი. ისინი იზრუნებენ მის აღზრდაზე და ჯანმრთელობაზე.
ძაღლის ახალი პატრონები ბოგდანი და ნადეჟდა არიან. მას, ასევე, ჰყავს მეგობარი – იგივე ჯიშის ძაღლი, სახელად ჩიპი. ამ სასიხარულო და გულისამაჩუყებელ ამბავს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო Telegram-ზე გვიზიარებს.
მისი თქმით, ნადეჟდამ შეიტყო, რომ რინი დიდხანს ელოდა თავის პატრონს კიევის ოლქის, მაკაროვის ურბანული ტიპის დასახლებაში, ცარიელი სახლის ზღურბლზე და ძაღლის ფოტოთი ხელში, მის მოსაძებნად წავიდა.
„ადგილობრივების ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ მან მოახერხა სწორი სახლის პოვნა. რინი მას კართან დახვდა. ნადია გვერდით დაჯდა და ატირდა, ძაღლი კი, მივიდა მასთან და ცრემლები აულოკა… ასე დაიწყო სიყვარული. “- წერს გერაშჩენკო.
მინისტრის მრჩეველმა დასძინა, რომ ნადეჟდამ ძაღლს რამდენჯერმე მიაკითხა, გემრიელობები და ქურთუკიც მოუტანა. ამის შემდეგ ცხოველი შეეჩვია ახალ ოჯახს.
10 აპრილს ანტონ გერაშჩენკომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მაკაროვში ძაღლი, სახელად რინი, სახლის ზღურბლთან ელოდა თავის პატრონს ტატიანას, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა.
მოხალისეებმა რინის თავშესაფარში გადაყვანა სცადეს, მაგრამ მან წასვლა არ ისურვა და მხოლოდ მოტანილი საკვები ჭამა.