„ორი დღე დადიოდა ტყვიით გულში“ – სასწაულებრივად გადარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცის ისტორია
კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში პირველად ჩაატარეს უნიკალური ოპერაცია: გულის გაუჩერებლად ამოიღეს მისგან ტყვია. ექიმებმა ასე გადაარჩინეს 20 წლის უკრაინელი სამხედროს, ვოლოდიმირ გორდიენკოს სიცოცხლე. სიუჟეტი მომხდარის შესახებ ტელეარხმა ТСН-მა გადაიღო.
როგორც მედიკოსები ამბობენ, ოპერაცია ძალიან სარისკო იყო და მისი განხორციელების რამდენიმე გეგმაც არსებობდა. მათი თქმით, ოპერაციამ იმდენად კარგად ჩაიარა, რომ უკვე მომდევნო დღეს ახალგაზრდა თავად ადგა საწოლიდან.
„რამდენიმე დღე არც კი მჯეროდა, რომ ცოცხალი ვიყავი“, – აღიარა ვოლოდიმირმა.
როგორც სამხედრო ჰყვება, ის ომში მოხალისედ წავიდა, როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო. მარტის დასაწყისში, ორ თანამებრძოლთან ერთად, ის ტყვეობაში მოხვდა რუს ოკუპანტებთან კიევის ერთ-ერთ რაიონში. 9-საათიანი დაკითხვის მერე მათ უთხრეს, რომ საკუთარ ავტობუსში ჩამსხდარიყვნენ და წასულიყვნენ, ხოლო როდესაც დაიძრნენ, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ვოლოდიმირს ტყვია მოხვდა, მაგრამ ის ავტობუსს ხოხვით მოშორდა, შემდეგ კი, მანქანას ყუმბარა ესროლეს.
ეს ყველაფერი სამ მარტს მოხდა. ორი დღის განმავლობაში, ჯარისკაცი ტყეში დადიოდა, ჟიტომირის მიმართულებით, სადაც ის იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.