ნინო ლაცაბიძე: რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს კომფორტული, თანამედროვე და ევროპული სტანდარტების ავტობუსები
რუსთავის მერის ინიციატივით, რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის გაძვირებიდან მეორე დღესვე, დედაქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნა. მერიის ეს გადაწყვეტილება კერძო სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსის” მხრიდან მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდას მოჰყვა.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული რუსთაველების ინტერესები და მგზავრთა გადაყვანის სერვისის გაუმჯობესება ძალიან სწრაფად მოხდება.
,,გუნდმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლის M3 კატეგორიის ავტობუსები. ჩვენ მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის შექმენით ალტერნატიული გადაადგილების საშუალება. სტუდენტებისთვის მგზავრობის ფასი 50 თეთრია, სტანდარტული ტარიფი კი 1,50 თეთრი. პარალელურად დავიწყეთ და ვაგრძელებთ სამართლებრივი პროცედურები ,,ინტერტრანსთან” მიმართებაში. გუშინ გვქონდა მათთან შეხვედრა და დავაჯარიმეთ კომპანია. დარღვეულია სახელშეკრულებო პირობების რამდენიმე მუხლი, ჩვენ მათთან რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კომპრომისამდე მივიდეთ. მანამდე რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს კომფორტული, თანამედროვე და ევროპული სტანდარტების ავტობუსები”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერის თქმით, ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე 20 წუთიანი ინტერვალით მოემსახურება მგზავრებს.
,,ეს არის მარშრუტი, რომელიც დამტკიცებულია თბილისის საკრებულოს მიერ, იმ დროს როდესაც მე ვიყავი საკრებულოს წევრი. ავტობუსები იმოძრავებს რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე. ეს არის მაქსიმუმი რისი გაკეთებაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვეძლო გაგვეკეთებინა რუსთაველებისთვის. ჩვენ დღეიდან დავიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რომ ეს მუნიციპალური სერვისი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.”, – განაცხადა რუსთავის მერმა.
პირველი ავტობუსით, დღეს დილით სტუდენტებთან და სხვა მგზავრებთან ერთად, ქალაქის მერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებმაც იმგზავრეს.
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე მყისიერად მოხდა რუსთაველებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან, ალტერნატიული ტრანსპორტის შეთავაზება. როგორც ვიცი, რუსთავის მერიას კომპანია ,,ინტერტრანსთან” დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები სახელშეკრულებო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით და დააჯარიმა კიდეც. ეს პერიოდი ავტობუსები იმოძრავებს სატესტო რეჟიმში და მას შემდეგ, რაც მოხდება მგზავრთა ნაკადის დათვლა, ყოველდღიურად შევეცდებით, რომ გავაუმჯობესოთ ეს სერვისი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
პირველ ეტაპზე ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან, ისნის მეტროს მიმართულებით იმოძრავებენ და მგზავრობის ღირებულება „ინტერტრანსის” ფასზე თითქმის ორჯერ ნაკლები – 1.50 ლარი იქნება. შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც რუსთავიდან თბილისამდე მგზავრობაში მხოლოდ 50 თეთრს გადაიხდიან.