„ბავშვებო, გვაპატიეთ არეულობისთვის და არ დაუშვათ შეცდომები უფროსების მსგავსად“ – რუსი ჯარისკაცების გზავნილი უკრაინელ ბავშვებს
კატიუჟანკაში, სკოლის ეზოში, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს, ოკუპანტების მიერ მოკლულ მოქალაქეებს ასაფლავებდნენ. ჟურნალისტი ვოლოდიმირ რუნეცი აქვეყნებს ფოტოებს ამ ქალაქიდან. ერთ-ერთ მათგანზე ადგილობრივი სკოლის დაფაზე არის წარწერა:
„წარმატებები სწავლაში. ომი დამთავრდება და თქვენ თქვენი სამშობლოს აღდგენას შეუდგებით. იყავით სამართლიანები და გულწრფელები ერთმანეთთან. გახდით მასწავლებლები, ექიმები, ინჟინრები – ისინი, ვისაც მშვიდობა მოაქვს. ღმერთმა დაგიფაროთ და კიდევ ერთხელ გვაპატიეთ, რომ სკოლა დავიკავეთ! რუსები!“
გვერდზე დაფაზე კი წერია:
„ბავშვებო, გვაპატიეთ არეულობისთვის. ჩვენ ვცდილობდით, სკოლა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ სროლები იყო. იცხოვრეთ მშვიდობით, გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და არ გაიმეოროთ შეცდომები უფროსების მსგავსად. უკრაინა და რუსეთი ერთი მიწაა. მშვიდობით იყავით, დებო და ძმებო“.
„ფოტოზე წარწერაა, რომელიც რუსმა დამნაშავეებმა უკრაინელ ბავშვებს დაუტოვეს სასკოლო დაფაზე, როდესაც გარბოდნენ. თვითონ სკოლა გაძარცულია – იპარავდნენ ყველაფერს. საბავშვო ნოუთბუქებიდან დაწყებული, სასადილოს ძვირადღირებული ტექნიკით დამთავრებული. მოიპარეს არა მხოლოდ ტექნიკა, არამედ – უჟანგავი ლითონისგან დამზადებული მაგიდები“, – წერს ჟურნალისტი.
სკოლის დირექტორი, ნიკოლაი ნიკიტჩიკი ამბობს, რომ მსგავსი ტექსტები დაწერილი იყო რამდენიმე საკლასო ოთახში.
ამავდროულად, ოკუპანტები კლავდნენ სამოქალაქო პირებს პირდაპირ ქუჩაში, შემდეგ კი უფლება მისცეს უკრაინელებს, რომ დახოცილები სკოლის ეზოში დაესაფლავებინათ.
„ქაოსურად დასაფლავებული ადამიანები სოფელში ბევრია. ნელ-ნელა პოლიცია ექსჰუმაციას და მათ იდენტიფიცირებას ახერხებს. ყველაზე საშინელი რამ, რაც ვნახე, ისაა, თუ როგორ მიდიან ამოსაცნობად ნათესავები და ახლობლები ნახევრად გახრწნილ ცხედრებთან“, – წერს ჟურნალისტი.