ვინ არის ალექსეი არესტოვიჩი და რა როლი აქვს მას უკრაინის ომში
რუსეთის მიერ უკრაინისთვის გამოცხადებული ომის შემდე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის ფართოდ ცნობილი გახდნენ უკრაინელი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. ერთ-ერთი ასეთი არის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ბლოგერი, მსახიობი და სამხედრო მიმომხილველი ალექსეი არესტოვიჩი.
1975 წლის 3 აგვისტოს ის საქართველოში, დედოფლისწყაროს რაიონში დაიბადა. შემდეგ კიევში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა, სტუდენტობაში გაიარა სამსახიობო კურსები თეატრ-სტუდია „შავ კვადრატში“ და მსახიობი გახდა. დაამთავრა ოდესის ჯარის სკოლა, მსახურობდა სამხედრო თარჯიმნად უკრაინის ჯარში. 2005 წელს მაიორის წოდებით დატოვა მსახურება. მუშაობდა ტელევიზიაში.
უკრაინა უკვე მეორე თვეა, ცხოვრობს სარაკეტო თავდასხმებისა და საჰაერო დაბომბვის ქვეშ, მაგრამ ადგილობრივები მასობრივ პანიკას არ ყვებიან.
„რაც უფრო უარესია სიტუაცია, მით უფრო გაიღიმეთ“, – მიმართავს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მილიონობით მოქალაქეს სმარტფონების ეკრანებიდან. გამამხნევებელი განცხადებებისა და ჰიპნოზური ინტონაციებისთვის, ისევე, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგის ოპტიმისტური პროგნოზებისთვის, არესტოვიჩს ერის „მთავარ დამამშვიდებელს“ უწოდებენ.
არესტოვიჩი ფსიქოლოგიური სემინარების და ტრენინგების ორგანიზატორი და სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდის შემქმნელია. ის იყო მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სპიკერი და მინსკის ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი. 2022 წლის 24 თებერვლიდან არესტოვიჩი ატარებს ყოველდღიურ ბრიფინგებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
ის არ არის ერთადერთი „სუპერგმირი“ პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის შემოჭრას, მაგრამ მხოლოდ ის აძლევს თავს უფლებას, იქონიოს არაფორმალური კომუნიკაცია და გააკეთოს გაბედულ განცხადებები სამხედრო სიტუაციის შესახებ. უკრაინელებს სჯერათ მისი პროგნოზების, რადგან მან იწინასწარმეტყველა რუსეთის შემოჭრა. „აპოსტროფთან“ ინტერვიუ, ვიდეო 2019 წლის პროგნოზებით, ვირუსულად გავრცელდა უკრაინაში.
1990-იან წლებში ალექსეი არესტოვიჩი მსახურობდა დაზვერვის მთავარ სამმართველოში, არის რეზერვის მაიორი. როდესაც რუსეთმა 2014 წელს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილები დაიპყრო, მან მონაწილეობა მიიღო ATO-ში (ანტიტერორისტულ ოპერაციაში).
მას, ასევე, აქვს სამსახიობო გამოცდილება. 1990-იან და 2000-იან წლებში თამაშობდა თეატრში, გადაიღეს რეკლამებსა და ფილმებში. 2000 წლიდან ატარებდა ფსიქოლოგიურ სემინარებსა და ტრენინგებს. დაამთავრა რუსი ფსიქოლოგის, აბესალომ პოდვოდნის საავტორო სკოლა და სწავლობდა თეოლოგიას კიევის წმინდა თომა აკვინელის რელიგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.
სამხედრო, სამსახიობო და ფსიქოლოგიური კომპეტენციების ერთობლიობამ არესტოვიჩს საშუალება მისცა, გამხდარიყო წარმატებული ბლოგერი. რევოლუციის შემდეგ, არესტოვიჩი, როგორც სამხედრო ექსპერტი, აქტიურად აკეთებდა კომენტარს ATO ზონაში არსებულ ვითარებაზე, გამოდიოდა ეროვნულ ტელეარხებზე, რადიოში და პრესაში როგორც ექსპერტი. მალე მის ხელში სახელმწიფო ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილიც აღმოჩნდა.
პეტრო პოროშენკოს გუნდთან თანამშრომლობის პერიოდში არესტოვიჩის პოსტებს სოციალურ ქსელში აქტიურად კითხულობდნენ, აზიარებდნენ და ათასობით ადამიანი მზად იყო, გაჰყოლოდა მას. ახლა მის Instagram-ის გვერდს ჰყავს 1 მილიონი გამომწერი, მის YouTube-ის არხს – 850 000, ხოლო Facebook-ის გვერდს – დაახლოებით, 700 000 გამომწერი.
არესტოვიჩის გამოჩენას პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში ხსნიან მისი სურვილით, მოეზიდა ახალი ხალხი სახელმწიფოს სამართავად: ახალგაზრდები, ძველი ბიუროკრატიული მიდგომების გარეშე, „ხელუხლებლები“, აქტიური ხედვით. დღეს არესტოვიჩი არა მხოლოდ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას ხელისუფლებისგან, არამედ ქმნის სოციალურ განწყობას.
„როდესაც ადამიანები კოლოსალურ ემოციურ და ფიზიკურ სტრესში არიან, მათ სჭირდებათ ხელმძღვანელობა, ექსპერტები, რომელთა აზრს იოლად ენდობიან, რომელთა გამონათქვამები საშუალებას მისცემს მათ, ფსიქოლოგიურად არ დაეცნენ. ამ ფუნქციას ასრულებს არესტოვიჩი“, – თვლის პოლიტოლოგი მაქსიმ იალი.
ალექსეი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავს ქალიშვილი, ვერონიკა. მეორე ცოლი არის ანასტასია არესტოვიჩი (გრიბანოვა), ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორი. ისინი ქორიწინებაში 2015 წლიდან იმყოფებიან და წყვილს საერთო ვაჟი, ალექსანდრე ჰყავს.