იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, გასვლით სამუშაო შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს შემდეგი მიმართულებებით:
• პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის დაუბრკოლებლად, სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა;
• პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის საჩივრით დაუბრკოლებლად მიმართვის შესაძლებლობა;
• სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო უფლებამოსილების გაზრდა დაცვის სპეციალური ღონისძიებების ეფექტური გამოყენების და ასევე, საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოვებისა და დაზუსტების კუთხით;
• საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუბრკოლებლად ჩატარების უზრუნველყოფა;
• სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, მათ შორის, სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის კომპეტენციათა გამიჯვნა, სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და იარაღის ტარების უფლების პირთა განსაზღვრა;
• სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კვალიფიციური ადამიანური კადრების მოზიდვის ხელშეწყობა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსი შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას, სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაზრდას და ამ სამსახურის შეუფერხებელ საქმიანობას, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეუფერხებლად შესვლის უფლებას.
„მთლიანობაში ყველა ცვლილება, რომელზეც ჩვენ აქ ვიმსჯელეთ ემსახურება იმას, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმ დანაშაულების გახსნისა და გამოძიების ფარგლებში, რომლებზეც მას აქვს კომპეტენცია და ქვემდებარეობა, შეუფერხებლად განახორციელოს თავის საქმიანობა”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადებული კანონპროექტი უკვე დაინიცირდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კარლო კაციტაძის განმარტებით, კანონში შესატან ცვლილებებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გაიზარდოს სამსახურის დამოუკიდებლობა, განვითარდეს სამსახური, გაიზარდოს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა და გაფართოვდეს თანამშრომლების სოციალური გარანტიები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.