„ვფიქრობდით, რომ ეს დასასრული იყო“ – რას ამბობენ მარიუპოლელები ოკუპანტების მიერ ჩაცხრილული კოლონიდან
ლვოვში საევაკუაციო მატარებელი ჩავიდა დაჭრილი მარიუპოლელებით, რომლებსაც რუსმა ტერორისტებმა ზაპოროჟიედან ევაკუაციის დროს ცეცხლი გაუხსნეს. ახლა მარიუპოლის მკვიდრები ТСН-ის სიუჟეტში ჰყვებიან, თუ რა საშინელება გადაიტანეს მათ.
„როდესაც ვასილიევკაში ჩავედით და ეს დანგრეული ხიდი გადავლახეთ, ჩვენ გაგვაჩერეს, ხუთ წუთში კი, ცეცხლი გაგვიხსნეს. ბავშვს ჭურვის ანასხლეტი მოხვდა. ის ხედავდა, როგორ მოფრინავდა ჭურვი, მაგრამ შიშისგან დამუნჯდა, ვერც ადგილიდან დაიძრა, ვერ მოასწრო. მას ესმოდა რაც ხდებოდა, ეგონა, რომ ეს მისი უკანასკნელი წუთები იქნებოდა“, – ჰყვება ევაკუირებული მარიუპოლის მკვდარი მარინა სვიდენკო, რომლის 13 წლის შვილი ივანი მძიმედ დაიჭრა, როდესაც რუსებმა საევაკუაციო კოლონა დაცხრილეს.
ბიჭს დაზიანებული აქვს გულმკერდის არე, გადატეხილი აქვს ფეხები, ღია თავის ტრავმა და ჭრილობები მთელ ტანზე… ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, იმ დღეს სროლაში მოყვა ერთდროულად რამდენიმე საევაკუაციო კოლონა. კერძოდ, ნაღმი მოხვდა სვეტლანა სემენოვოის მანქანაში, რომელიც მარიუპოლიდან ოჯახთან ერთად გარბოდა.
„ჩემი ქალიშვილი მანქანების წინ მიდიოდა და უბრალოდ, დაეცა. მე მისი აყვანა ვერ შევძელი, ის კი მეუბნებოდა: დედა ყველაფერი მორჩაო. ღმერთს დიდება რომ ყველაფერი არ მორჩა“, -ამბობს ქალი.
ყველა ამ პაციენტს თავიდან ზაპოროჟიეში მკურნალობდნენ. ორი კვირის შემდეგ პირველი საევაკუაციო მატარებლით ლვოვში წაიყვანეს. მათი უსაფრთხოებისთვის ექიმებმა და ტერიტორიული დაცვის ბიჭებმა სამი ვაგონი აღჭურვეს. გზამ 20 საათი გასტანა. ყველა დაჭრილთან მედიკოსები მორიგეობდნენ.
„მათ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. მათთან საუბარი ძალიან ძნელია, იმის მოსმენა, თუ რა ხდებოდა იქ. ეს, უბრალოდ, საშინელებაა. ზოგს თავი კარგად უჭირავს, ზოგიც მერე იხსნება და ტირის“, – ჰყვება გადაუდებელი დახმარების ექიმი ნატალია კინოვა.
ლვოვის რაიონის საავადმყოფოში დაჭრილებს მოხალისეები ელოდებოდნენ, რომელთა შორის არის მედიკოსი გერმანული კლინიკიდან ჯონათან ფინკლერი. მას ბავშვების წაყვანა სურს სამკურნალოდ.
„პაციენტების მდგომარეობა მათი ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ჩვენ იმ ბავშვების დახმარება გვინდამ რომლებიც ომის შედეგად დაშავდნენ“, – ამბობს ექიმი.