„ტელეიმედისა“ და რიყის ტერიტორიის საქმეზე უგულავა- კეზერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს (ვიდეო)
“ტელეიმედისა“ და რიყის ტერიტორიის საქმის ეპიზოდებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურორი მალხაზ კაპანაძე რიყის პროცესთან დაკავშირებით უგულავას და კეზერაშვილის ადვოკატების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს. კაპანაძის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მოისმენს ბრალდების მხარის პოზიციას დაცვის მხარის მიერ გამონაკლისი წესით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით.
“გვინდა გამოვეხმაუროთ ადვოკატების მიერ უსაფუძვლოდ ატეხილ აჟიოტაჟს, რომ თითქოს რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით გიორგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმე ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსანთა ბრალდების საქმეს. გვინდა მკაფიოდ და კატეგორიულად განვმარტოთ: არანაირი წინააღმდეგობა ამ ორ საქმეს შორის არ არსებობს. ერთ შემთხვევაში საუბარია უგულავასა და კეზერაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი 10 მლნ დოლარის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და მის ლეგალიზაციაზე, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციის თვალსაზრისით სამართლებრივი შემხებლობა არა აქვს „იმედის“ დაუფლებასთან, ხოლო მეორე საქმე შეეხება 2007 წლის 7 ნოემბრის მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ უკანონო შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის „ტელეიმედის“ უკანონოდ დაუფლებას. რიყის საქმეზე ჯოზეფ ქეიმ სასამართლოს დეტალურად განუმარტა მისთვის თანხის გადაცემის საფუძველი, ხოლო მეორე საქმეზე გამოძიება გრძელდება და გამოიკვეთება მისი როლი „ტელეიმედთან“ დაკავშირებით. ამდენად ადვოკატების განცხადებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“,- განაცხადა პროკურორმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uR8GVIbUpuE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]