ე.წ. ხურჩის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ე.წ. ხურჩის საქმის განაჩენთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია, ნათქვამი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ბრალდებულ რომან შამათავას მიმართ განაჩენი დაადგინა და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. „კვირა“ საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2014 წლის 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ბრალდებულ რომან შამათავას მიმართ განაჩენი დაადგინა და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. ასევე, დამატებითი სასჯელის სახედ, ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით. წარდგენილი ბრალდების თანახმად, რომან შამათავას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ასევე, ტერორისტული აქტის ჩადენა, ე.ი აფეთქება და იარაღის გამოყენება, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების მიზნით, ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი. საქმის მასალების მიხედვით, 2008 წლის მაისში, საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა პირველი განყოფილების სამმართველოს ინსპექტორმა – მალხაზ მურღულიამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, სამინისტროს ბალანსზე არსებული შეიარაღების გამოყენებით, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, განიზრახეს ტერორისტული აქტის მოწყობა. აღნიშნულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით განახორციელეს რა ტერორისტული აქტი, მიაღწიეს დასახულ მიზანს მოსახლეობაში დანერგეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების რეალური შიში, რითაც არსებითად შეილახა სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირთა კანონიერი ინტერესები. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ მალხაზ მურღულიას მიმართ, საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე. საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა რ. შამათავამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 24 სასამართლო სხდომა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდებისა და დაცვის 55 მოწმე და გამოქვეყნდა 3 მოწმის ჩვენება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, ბრალდებული რომან შამათავა გაამართლა და უდანაშაულოდ სცნო ტერორისტული აქტის ჩადენაში, ხოლო დამნაშავედ სცნო ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, რომან შამათავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით. სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“ – ნათქვამია განცხადებაში.