პროკურატურა შამათავასთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა რომან შამათავასთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა რომან შამათავას ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტი, სასამართლომ დასახელებულ ბრალდებაში რომან შამათავა გაამართლა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2013 წლის 21 ოქტომბერს ეგრეთწოდებული “ხურჩის ტერაქტის საქმეზე“ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდებით დაკავებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.
დასახელებულ საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით რომან შამათავას მიერ 2008 წლის 21 მაისს სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვის პროცესში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულელების გამოკვლევით დადგინდა: რომ 2008 წლის მაისში, რომან შამათავამ მალხაზ მურღულიასთან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, სამინისტროს ბალანსზე არსებული შეიარაღების გამოყენებით განიზრახა, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, ტერორისტული აქტის მოწყობა.
2008 წლის 21 მაისს, რომან შამათავამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით შეაიარღა სამმართველოს საიარაღოში არსებული საბრძოლო ამუნიციით და სოფელ ხურჩაში საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მოსახლეობის დაშინების, დაუცველობისა და უმწეობის გრძნობის დამკვიდრების მიზნით, მალხაზ მურღულიას ააფეთქებინა ორი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გალში მცხოვრები მოსახლეობა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს გადმოჰყავდათ სოფელ ხურჩაში.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით რომან შამათავა ცნობილი იქნა დამნაშავედ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენაში, რაც კონკრეტულად გამოიხატა მასში, რომ რომან შამათავამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები შეაიარღა საბრძოლო ამუნიციით, განახორციელებინა უმისამართო გასროლები და ააფეთქებინა სატრანსპორტო საშუალებები, რისთვისაც მას სასჯელის სახით დაუნიშნა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა რომან შამათავას ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტი, სასამართლომ დასახელებულ ბრალდებაში რომან შამათავა გაამართლა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობ არგუმენტებზე დაყრდნობით. მას შემდგომ რაც ბრალდების მხარე ჩაიბარებს განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, აუცილებლად მოხდება მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები