„როდესაც უკრაინიდან ყველა ფაშისტს გააგდებთ, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ჩემი ბელარუსიც“ – გოგონას წერილი უკრაინელ სამხედროებს

ბელარუსი პოლიტიკური მოღვაწე, სვეტლანა ტიხანოვსკაია პატარა გოგონაზე ჰყვება, რომელმაც საკუთარი დრონი უკრაინელ ჯარისკაცებს გაუგზავნა და წერილი მისწერა.

„შესაძლოა, თქვენ უკვე შეგხვდათ ამ ბელარუსი გოგონას ფოტო, რომელიც ახლა ჩეხეთში ცხოვრობს. ის უკრაინელებს საშველად თავის დრონს უგზავნის, რომლისთვის ფულს ძალიან დიდხანს აგროვებდა. გოგონას ვარია ჰქვია. მისმა მშობლებმა გამომიგზავნეს მისი ფოტო და მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ“, – წერს სოციალურ ქსელში სვეტლანა ტიხანოვსკაია.

მისი თქმით, ჩვენი დროის გმირებს უნდა ვიცნობდეთ, ხოლო ვარია, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ნამდვილი გმირია.

„ვიცი, როგორი ძნელია ყველა ჩვენგანისთვის იმის გააზრება და გამკლავება იმასთან, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული რაკეტები უკრაინას ბომბავენ, მაგრამ ზუსტად ასეთი საქციელი, რაც ვარიამ ჩაიდინა, გვაძლევს ძალას და გამბედაობას, რომ ვიბრძოლოთ. ვიბრძოლოთ ისეთი ბავშვების მომავლისთვის, როგორიც ისაა. ვიმუშაოთ, დავეხმაროთ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ბევრი კითხულობს, როგორ შეიძლება, გახდე ომის წინააღმდეგ მოძრაობის წევრი. პატარა ვარიამ ამის კარგი მაგალითი აჩვენა. უბრალოდ, უნდა აკეთოთ ის, რაც გამოგდით“, – აღნიშნა ტიხანოვსკაიამ. 

„გამარჯობა, მე მქვია ვარია. მე გიგზავნით ჩემს საყვარელ დრონს, ის თქვენ უფრო გჭირდებათ. მინდა, რომ ყველა ცოცხლები იყოთ. გთხოვთ, როდესაც უკრაინიდან ყველა ფაშისტს გააგდებთ, ჩემი ბელარუსიც გაათავისუფლეთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები