„ბავშვები ევედრებოდნენ, არ მიეტოვებინა ისინი“ – აღმზრდელმა ჩერნიჰივიდან 30 ბავშვის სიცოცხლე იხსნა
მასწავლებელმა ჩერნიჰივიდან, ნატალია პესოტსკაიამ 30 ბავშვი იხსნა ბავშვთა სახლიდან და ივანო-ფრანკივსკში წაიყვანა. ეს ამბავი გიმნაზიის დირექტორმა, ტატიანა იასოჩკომ მოყვა.
მისი თქმით, მასწავლებელმა, ბავშვებთან ერთად, ივანო-ფრანკივსკში გამგზავრება შეძლო, რადგან ჩერნიჰივში დარჩენა სახიფათო იყო.
„ჩერნიჰივის პანსიონიდან 30 ბავშვი მიიღეს ივანო-ფრანკივსკის რეგიონში. ისინი იქ მიიყვანა ნამდვილმა გმირმა, მასწავლებელმა ნატალია პესოტსკაიამ! არავინ იცის, მაგრამ ის მოსწავლეებთან ერთად სარდაფში ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა.. ყველამ უარი თქვა მათზე. რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა.. ამ ადამიანმა გადაარჩინა ბავშვები, როცა ოკუპანტებმა ორჯერ დაბომბეს ბავშვთა სახლი. მან ისინი გადამალა ეკლესიის კელიებში… ბავშვები ევედრებოდნენ, არ დაეტოვებინა ისინი და არ წასულიყო სახლში. ნატალიამ თავისი შვილებიც იქ მიიყვანა და მთელი ომის დროს აღმზრდელებთან ერთად ცხოვრობდა, აჭმევდა და უვლიდა მათ, სხვათა შორის, ყველაზე პატარა ბიჭი 3,5 წლისაა“, – ამბობს იასოჩკო.
მისივე სიტყვებით, მასწავლებელს დიდი გული და კეთილი სული აქვს. ქალმა აიღო პასუხისმგებლობა და სიკვდილისგან იხსნა 30 ბავშვი. ეს იმის მიუხედავად, რომ ჩერნიჰივიდან, ოფიციალურად, არცერთი ჰუმანიტარული დერეფანი არ იყო გახსნილი.
„ვამაყობ მისით! ძალიან მინდა, ხელმძღვანელობამ ყურადღება მიაქციოს და აუცილებლად აღინიშნოს ამ წმინდა ადამიანის თავდადება, გამბედაობა და გმირობა!”, – განაცხადა იასოჩკომ.