გზის გაწმენდის სამუშაოებთან დაკავშირებით „თბილსერვის ჯგუფი“ განცხადება ავრცელებს

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მეათე დღეა, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით, 3 500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში. ამის შესახებ “თბილსერვისის” განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი და 50 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

“გზის გაწმენდის პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. შესაბამისი სამუშაოები, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საჭიროებისამებრ გაგრძელდება.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ – 2 61 90 50, ასევე მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები