18 მილიონ დოლარად შეფასებული მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელიც 1970-იან წლებში აშენდა
ცივი ომის პერიოდში საზოგადოება ომის მოახლოების შიშით ცხოვრობდა. 1960 წელს ამერიკელების, თითქმის, 70% ფიქრობდა, რომ ბირთვული ომი კარს იყო მომდგარი. 1960-იანი წლების შუა პერიოდში, დაახლოებით, 200 000 თავშესაფარი აშენდა, თუმცა ეს მხოლოდ უხეში სტატისტიკაა… ხალხი ამაზე არ ლაპარაკობდა…
ვინაიდან ბუნკერები და მსგავსი თავშესაფრები ძალიან პოპულარული გახდა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც სურდათ, შეექმნათ კეთილმოწყობილი ბუნკერები და აღეჭურვათ ისინი კომფორტის იმ საშუალებებით, რომლებიც მათ წარმოსახვაში არსებობდა.
ერთ-ერთი ასეთი ჟირარ ჰენდერსონი იყო – კაცი, რომელმაც საკუთარი ქონება რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, Avon Сosmetics-ის და Gulfstream Aerospace Corp-ის მეშვეობით დააგროვა.
ბიზნესმენს ცივი ომის განსაკუთრებით ეშინოდა, ამიტომაც გახსნა კომპანია სახელად „მსოფლიოს მიწისქვეშა სახლები“. 1964 წელს მან ნიუ-იორკში მსოფლიო გამოფენაზე გაიტანა ექსპოზიცია „რატომ უნდა ვიცხოვროთ მიწისქვეშ“. თავად ჟირარი გარდაცვალებამდე საკუთარ მიწისქვეშა სახლში ცხოვრობდა. ლას-ვეგასში ექსტრაავანგარდული მიწისქვეშა რეზიდენცია მან 1970 წელს ააშენა.
ეს სახლი, რომლის იდეაც ომის მოახლოების შიშს ეფუძნება, მიწისქვეშ 8 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული.
ერთი შეხედვით, სახლი გამოიყურებოდა ისევე, როგორც 1970-იან წლებში ქალაქგარეთ მდებარე ნებისმიერი სხვა სახლი, თუმცა სახლის მეორე, ანუ მიწისქვეშა ნაწილი 465 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. მასში განთავსებულია კარგი სამზარეულო, ფართო საძინებლები, ექვსი სააბაზანო ოთახი, ჯაკუზი, აუზი და საცეკვაო მოედანიც კი.
სახლი ლას-ვეგასში ცოტა ხნის წინ სტაფენ ლაფორგმა, კომპანია „Berkshire Hathaway“-დან, 18 მილიონ დოლარად შეაფასა. მისი ინტერიერი წარსულის აფეთქებას ჰგავს, დეკორაცია და ავეჯი ისე გამოიყურება, თითქოს, ისინი პირდაპირ 70-იანების ჟურნალის კატალოგებიდანაა გადმოტანილი. ბუნკერში ხელოვნური ხეები, ქვები და კედლებზე ხელით მოხატული ტყის ხედებია. მიწის ქვეშ მოწყობილ ეზოებში შუქის რეგულირება და დღე-ღამის განსაზღვრაც კი შესაძლებელია. ჩასასვლელი ლიფტები ხელოვნური ქვების ქვეშ არის დამალული.