ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში ახალი სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში N32-33 კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასასვენებელი სივრცის ფართობი 5 800 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის სივრცე, კალათბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი პავილიონი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ფეხბურთის მოედანს, სკვერში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ნერგები და დაიგება ბალახის საფარი. ადგილობრივ მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად შეხვდა და სკვერის პროექტის დეტალები გააცნო.

„ამ ტერიტორიაზე ახლა მხოლოდ დაზიანებული ატრაქციონები და განადგურებული ინფრასტრუქტურაა. პროექტი ითვალისწინებს საბავშვო გასართობი ზონისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებული გვაქვს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. პროექტის ღირებულება 736 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები