„ისინი ჩემთვის შვილებივით არიან, შვილებს კი არ ტოვებენ“ – ისტორია ქალზე, რომელმაც ირპენიდან 20-ზე მეტი ცხოველი გამოიყვანა

ფოტო, რომელზეც უკრაინელი გოგო ცხოველების დიდ ჯგუფს ხელმძღვანელობს, უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. ფოტოს მთავარი გმირი ანასტასია ტიხაა. გოგონა, რომელმაც მეუღლესთან, არტურ ლისთან ერთად ოკუპანტების მიერ დაპყრობილი ირპენიდან 15 ძაღლი, ხუთი კატა, ქამელეონი, კუ, ზაზუნა და ობობა გამოიყვანა.

გამოცემა Украинская правда. Жизнь ესაუბრა მოხალისეს, რომელიც ცხოველების გადარჩენის, მათი შემდგომი ცხოვრების და ცხოველთა თავშესაფრის შესახებ ჰყვება.

აჰყავდა და მკურნალობდა ცხოველებს

ნასტიას და არტურს ომამდე ძაღლები აჰყავდათ ქუჩიდან, მკურნალობდნენ მათ და ოთხფეხა მეგობრებისთვის ახალ ოჯახებს ეძებდნენ. წყვილს ბევრი ძაღლი ჰყავდა, რომელმაც ავარიის ან ადამიანისგან უხეში მოპყრობის შედეგად ტრავმა მიიღო.

ისინი მათთვის სპეციალურ ეტლებს ყიდულობდნენ. ნასტია ცხოველებს საზოგადოებაში დაბრუნებას ასწავლიდა და წვრთნიდა ამათ. ცხოველთა უმრავლესობას, რომელზე ნასტია ზრუნავდა, ტრაგიკული ბიოგრაფია აქვს.

ძაღლი ლუნა სამ თათზე მას შემდეგ დახტის, რაც მანქანა დაეჯახა კიდურის ამპუტაცია მოუწია. ბევრი ცხოველი, რომელიც მათ გადაარჩინეს, უკვე ვეღარასდროს შეძლებენ სიარულს. მათ შორის, არიან ისეთები, რომლებიც მოხალისეებთან მას შემდეგ მოხვდნენ, რაც მათ ზურგზე „ადამიანებმა“ ჯოხი გადაარტყეს და ხერხემალი დაუზიანეს.

ევაკუაციისას შიშზე ფიქრის დრო არ არის 

როდესაც პუტინი უკრაინას თავს დაესხა, ირპენში ჯოჯოხეთი დაიწყო. ქალაქს გამუდმებით ბომბავდნენ, ქუჩაში ისროდნენ და ტანკები გადაადგილდებოდნენ. ირპენი ტყვეობაში აღმოჩნდა წყლისა და საკვების გარეშე.

ქალაქში ყოფნა საშიში  იყო, მაგრამ ევაკუაცია – ძალიან სარისკო. ევაკუაციის მცდელობისას დანგრეული იპრენიდან ოკუპანტებმა დედა და მისი ორი შვილი ჩაცხრილეს. მეორე მოკლული ოჯახი – დედა და შვილი – სახლის ეზოში დაკრძალეს. პატარა კომფორტული ქალაქი ნანგრევებად გადაიქცა. აი, ასეთ ვითარებაში ნასტიამ და არტურმა ევაკუაცია ცხოველებთან ერთად გადაწყვიტეს, მაგრამ ნასტია თავის საქციელს გმირობად არ მიიჩნევს.

„ცხოველები ჩემთვის შვილებივით არიან, შვილებს კი, არ ტოვებენ“, – ამბობს ნასტია. 

ევაკუაციისთვის ის და მისი მეუღლე 15 წუთში მზად იყვნენ. ნასტიამ და არტურმა არ იცოდნენ, სად იცხოვრებდნენ კიევში და სად წაიყვანდნენ ცხოველებს.

საშიში იყო თუ არა გზა? ამბობს, რომ ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა.

„იცით, როდესაც 20 ძაღლი გყავს საბელზე და ყველა სხვადასხვა მხარეს გექაჩება, შიშზე ფიქრის დრო არ გრჩება“, – ამბობს მოხალისე. 

მათ კატები სუპერმარკეტის ეტლში ჩასვეს. თავიდან გადაადგილება ძალიან უჭირდათ, ვინაიდან ძაღლებს წასვლა არ უნდოდათ და უძალიანდებოდნენ. დიდი ძაღლები ეტლიანებს აქცევდნენ. მათ წამოყენებაზე ბევრი დრო იხარჯებოდა. ზოგიერთი ხელში აყვანილი მიჰყავდათ.

ნასტიამ ევაკუაციის დროს თითი მოიტეხა. მას ძალიან დიდი ხანი სტკიოდა მთელი სხეული, ვინაიდან ცხოვეელბი გამუდმებით სხვადასხვა მხარეს ექაჩებოდნენ.

გოგონა მადლიერებით იხსენებს შემთხვევით გამვლელს, სახელად ვალენტინს, რომელიც კატების ხიდამდე მიყვანაში დაეხმარათ. არტური ამ დროს ნასტიასთან ერთად ძაღლებს ექაჩებოდა. ხიდთან მისულებს უკვე ტერიტორიული დაცვა დახვდათ. მათ ცხოველები აიყვანეს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირდათ და მანქანამდე მიიყვანეს. ნასტიასთან მხოლოდ არაკონტაქტური ცხოველები დარჩნენ, რომლებიც, მის გარდა, არავის ეკარებოდნენ.

ბიჭებმა, ტერიტორიული დაცვიდან, მათ ასევე გაატანეს ძაღლი სახელად დრუჟბა. მათ კუდში გაჰყვა კიდევ ერთი ნაგაზი. მოხალისეებმა ისიც წაიყვანეს.

გზაში მათ 4 ძაღლი დაკარგეს, მათ შორის, თავიანთი ზევსიც. რამდენიმე დღის შემდეგ ნასტია და არტური კვლავ დაბრუნდნენ ფეხით დანგრეულ ირპენში მათ მოსაძებნად. ახალგაზრდებს გაუმართლად – ყველაფერმა, თითქმის, კარგად ჩაიარა. იპოვეს ორი ძაღლი, მათ შორის, ზევსიც და თან კიდევ რამდენიმე ცხოველი გაიყოლეს.

„ყველაფერმა საკვირველად კარგად ჩაიარა. ორი ვიპოვეთ. ნახევარი ირპენი გავიარეთ. წამოვიყვანეთ ნაგაზი დანგრეული სახლიდან და კიდევ ორი ძაღლი. ორი საათი ვეხვეწებოდით, რომ ბლოკპოსტზე გავეშვით. ბოლოს უწმაწური სიტყვები მოგვაძახეს, მაგრამ მაინც გაგვიშვეს და ჩვენ კიევში მოვხვდით“, – ამბობს ნასტია. 

თავიდან გადარჩენილი ცხოველები საქველმოქმედო ფონდის, „პლიუშკას“ პატარა სივრცეში ჰყავდათ მოთავსებული, ახლა კი, ნასტია და არტური მათთან ერთად სახლში ცხოვრობენ.

წყვილმა უკვე ცხოველების გაჩუქებაც დაიწყო. ზოგიერთი გერმანიაში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები