ნატო-საქართველოს სწავლება გეგმის მიხედვით ჩატარდება
20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. სამეთაურო საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს.
ნატო-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი რიგით მესამეა, რომელიც ნატოს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება.
ნატო-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლება საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.