„საქმე ბირთვულ ომამადე არ მივა, პუტინს ჩამოაგდებენ, ის მხდალი ადამიანია“ – პუტინის ყოფილი მეგობარი კრემლის „შიდა სამზარეულოზე“

„რუსეთის ამჟამინდელ ბელადს, ვლადიმირ პუტინს შიდა გადატრიალების შედეგად ჩამოაგდებენ, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ის მოწამლონ, ის ზედმეტად საცოდავი და მხდალი ფიგურაა ასეთი რადიკალური ქმედებებისთვის,“ – ამის შესახებ მილიარდერმა, ბანკირმა, საერთაშორისო ინვესტორმა, საზოგადო მოღვაწემ, პოლიტიკოსმა, სერგეი პუგაჩოვმა  დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პუგაჩოვი ადრე პუტინის საკმაოდ ახლო წრეს წარმოადგენდა.

პუგაჩოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლების კულუარული ცვლა ტრადიციაა, რომელიც უკვე არაერთი ათწლეულია მიმდინარეობს.

„შიდა დაპირისპირება – მოდის გორბაჩოვი. გორბაჩოვი ქრება – მოდის ელცინი. ცხადია, რომ ელცინი ქუჩიდან არ მოსულა. ელცინის მერე კარგად იცით, ვინც მოდის. როგორ? საიდან მოვიდა? ადამიანების განრისხების შედეგად მოვიდა? არა. კრემლის შიდა კაბინეტიდან. პუტინი სუსტი ადამიანია. სუსტი, მხდალი ადამიანი“, – განაცხადა პუგაჩოვმა.

მისი თქმით, პუტინს, ალბათ, დიმიტრი მედვედევის გუნდი ჩამოაგდებს, რომელსაც 2012 წელს ხელისუფლებიდან ჩამოშორების გამო, მის მიმართ პირადი წყენა აქვს.

„ჩემი აზრით, სავარაუდოდ, ეს მედვედევის გუნდი იქნება, მაგრამ არა მედვედევით სათავეში, რომელიც თავის დროზე საქართველოსთან ომში ფიგურირებდა. ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც, პირველ რიგში, საკუთარი ხელები სისხლით არ დაუსვრიათ. 2012 წელს, როდესაც მედვედევი „ჩააჩოჩეს“ და პუტინი მოვიდა, მათაც ყველაფერი დაკარგეს“,- ამბობს პუგაჩოვი.

მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინის ახლო წრესა და სხვა მმართველებს შორის ძალიან დიდი უფსკრულია.

„მანძილი შოიგუსა და ჯარის რეალურ მმართველებს შორის გაცილებით მეტია, ვიდრე შოიგუსა და პუტინს შორის მაგიდასთან“, – განაცხადა პუგაჩოვმა.

ზუსტად ამიტომ, პუტინი, თითქოს, მზად არის ბირთვული ომისთვის, მაგრამ ტექნიკურად ამის გაკეთება ძალიან რთულია.

„თავის დროზე, როდესაც ელცინი საოპერაციოდ წვებოდა, მან ე.წ. ბირთვული ჩემოდანი ჩერნომირდინს გადასცა. ჟირინოვსკის ჰკითხეს: მისი აზრით, დაუბრუნებდა თუ არა ჩემოდანს ჩერნომირდინი ელცინს? ჟირინოვსკიმ მაშინ თქვა, რა ჩემოდანი! როგორ ფიქრობთ, ღილაკს ჩემოდანში შეუძლია რამე გადაწყვიტოს? თუკი ელცინი იტყვის, დაიწყეთ ბირთვული ომიო, ღილაკს ხელს არავინ დააჭერს. მას პირადი ასისტენტები და მდივნები არ უსმენენ. პუტინი შეიძლება მზად იყოს ბირთვული ომის დასაწყებად, მაგრამ მისი საახლობლო ამბობს, რომ ბირთვული ომი არ ტოვებს შანსებს მათთვის. მგონია, რომ საქმე ბირთვულ ტაქტიკურ იარაღამდე არ მივა“, – განაცხადა სერგეი პუგაჩოვმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსები ვერ იმოქმედებენ პუტინის ჩამოგდებაზე. შეიძლება ისინი გამოვიდნენ ქუჩაში, მაგრამ მასობრივი პროტესტები არ იქნება.

პუტინი და პუგაჩოვი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები