ოჯახი, რომელიც 2014 წელს დონბასიდან გაიქცა, ოკუპანტებმა კიევში, საევაკუაციო ავტობუსისკენ მიმავალ გზაზე ამოხოცეს
პერებიინოების ოჯახის ტრაგედიამ უკრაინა და მთელი მსოფლიო შეძრა. ოჯახი კიევის შემოგარენიდან ევაკუირებას ცდილობდა. ისინი ირპენში ოკუპანტებმა დახოცეს. დედა და ორი შვილი დაიღუპა. უკრაინის ჯარმა 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახერხა, მაგრამ 4 ათასი ადამიანი ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება.
„მე-11 დღე. ამ ოჯახს, უბრალოდ, ევაკუაცია სურდა ირპენიდან. ისინი რუსმა სამხედროებმა დახოცეს. მშვიდობიანი მოსახლეობა. ევაკუაციის დროს. დამპალი ფაშისტები“, – წერდა სოციალურ ქსელში კიევის რადას მდივანი ვლადიმირ ბონდარენკო.
რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს უბრალო მოქალაქე ბავშვებით, გაფრთხილებისა და პირობების გარეშე იმის გამო, რომ მათ სიცოცხლე სურდათ და გაქცევას ცდილობდნენ იმ ჯოჯოხეთიდან, რომელიც რუსებმა საკურორტო ქალაქში მოაწყვეს.
როგორც ცნობილია, დაღუპულები არიან ტატიანა პერებიინო და მისი შვილები: 18 წლის ნიკიტა და 9 წლის ალისა. ტატიანას მეგობრის, ოქსანას თქმით, ოკუპანტებმა მათ ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა საევაკუაციო ავტობუსთან მიდიოდნენ.
„ყველაფერი ამის დაჯერება და მიღება შეუძლებელია. მე მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრები და მომენატრები. შენი იუმორის გრძნობა, შენი ღიმილი. შენ ყოველთვის მზად იყავი დასახმარებლად მოსულიყავი. იცოდი პასუხი ყველა კითხვაზე. სარდაფში ჯდომის დროსაც ჩვენ ყოველთვის ვწერდით ერთმანეთს და შენ ყოველთვის მწერდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ყოველთვის ხუმრობდი, მიუხედავად ვითარებისა“, – წერს ოქსანა სოციალურ ქსელში.
ნიკიტა და ალისა ადგილზე დაიღუპნენ. ტატიანა საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში, სადაც ისიც დაიღუპა.
ტატიანა ბუღალტრად მუშაობდა ერთ-ერთ კერძო კომპანიაში. ის დონეცკიდან იყო. ოჯახმა ქალაქი 2014 წელს დატოვა, როდესაც იქ საომარი ქმედებები დაიწყო. მას სურდა უკრაინა და არა „რუსული მშვიდობა“, რომელმაც მას სიკვდილი მოუტანა.
„ეს აუტანელი ვითარებაა. მე წინა დღიდან მოყოლებული საშინლად ვგრძნობ თავს. ტანია ძალიან კეთილი და გამგებიანი ადამიანი იყო, ყოველთვის ოპტიმისტურად უყურებდა სამყაროს. ეს, უბრალოდ, შოკია. როგორ შეეძლოთ ეს ჩაედინათ. ნუთუ, ვერ ხედავდნენ, რომ ბავშვებს ესროდნენ“, – ამბობს ტატიანას კოლეგა, ანასტასია.
მთელი ოჯახიდან ცოცხალი მხოლოდ ტატიანას მეუღლე სერგეი დარჩა, რომელიც პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში მუშაობს. მათ, ასევე, ჰყავდათ ორი პატარა ძაღლი. როგორც ჩანს, ისინიც გადარჩნენ.
„მან ყველა წაიყვანა. ტანია ვერ გაუმკლავდა. რატომ დამემართა ყველაფერი ეს? რა იქნება შემდეგ? მე მოვდივარ, დამელოდეთ. უკანასკნელად უნდა გნახოთ. მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით“, – წერს სერგეი სოციალურ ქსელში.
სერგეი, ასევე, ეძებს გადარჩენილ ძაღლებს, თავისი დარჩენილი ოჯახის წევრებს.
„მეგობრებო. დღეს რომანოვკაში, ირპენთან ჩემი შვილები დაიღუპნენ. ცხედრების გვერდით ძაღლების გადასაზიდი მწვანე კალათა იყო. ვიდეოს თუ დავუჯერებთ, ისინი ცოცხლები გადარჩნენ. შეიძლება ვინმემ გადაარჩინა კიდეც. თუკი რამე ინფორმაცია გაქვთ, მომწერეთ. მჯერა, რომ ცოცხლები არიან. ისინიც ჩემი ოჯახის წევრები არიან“, – წერს სერგეი.
პერებიინოების ოჯახი ზუსტად ეკლესიასთან მოკლეს.