რა ისაუბრა ადვოკატთან დავით კეზერაშვილმა მისთვის ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატის გიზო უგულავას განცხადებით, კეზერაშვილს პროკურატურასთან კითხვები აქვს. როგორც უგულავამ “კვირას“ განუცხადა, კეზერაშვილს აინტერესებს, რომელ პოზიციას იკავებს პროკურატურა – როდესაც რიყისა და “იმედის” ეპიზოდზე უყენებდნენ ბრალს და ამბობდნენ, რომ ჯოზეფ ქეი ტელეკომპანიის კეთილსინდისიერი მესაკუთრეა, თუ ახლა, როცა აცხადებენ, რომ ქეიზე იძულებით მოხდა ტელეკომპანიის გადაფორმება და ის არ არის კეთილსინდისიერი მესაკუთრე.
ადვოკატის თქმით, დავით კეზერაშვილი გამოძიებასთან ვერ თანამშრომლობს, რადგან მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
“დავით კეზერაშვილს არ აქვს საშუალება, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და საქართველოს პროკურატურას მისცეს ჩვენება. ქვეყანაში არსებული სიტუაცია ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს არა ობიექტური გამოძიება, არამედ პოლიტიკური დევნა. სწორედ ეს დაწერა საფრანგეთის სასამართლომ, როდესაც საქართველოს კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარი უთხრა. როგორც კეზერაშვილის, ისე სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან პროკურატურისადმი ნდობა იმდენად დაბალია, რომ იძულებულნი ხდებიან არ ითანამშრომლონ საგამოძიებო უწყებასთან. პროკურატურას სიმართლე არ აინტერესებს, ჩამოწერენ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, შეთითხნიან მათ წინააღმდეგ ცრუ მტკიცებულებებს, ააგებენ ისტორიას, რომ სასამართლო განხილვები დაიწყოს“, – განუცხადა “კვირას“ გიზო უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები