„პროკურატურა აპირებს, სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართოს“

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მთავარ პროკურატურაში სააკაშვილის ადვოკატს ოთარ კახიძეს ბრალის დადგენილება გადასცეს. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართოს. მისი თქმით, აღკვეთი ღონისძიების შესახებ პროკურატურას ზუსტი პოზიცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა აპირებენ, რომ პატიმრობის გამოყენებით მიმართონ სასამართლოს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, როდის მიმართავენ ისინი სასამართლოს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები