მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს
მთავარ პროკურატურაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად ბრალი უკვე წაუყენეს. მის ადვოკატს ოთარ კახიძეს ბრალის დადგენილება უკვე გადაეცა.
როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ ჰქონია მასალების გაცნობის შესაძლებლობა, ვინაიდან გამომძიებლების განმარტებით, ეს არის მასალების დაახლოებით 80 ტომი თითო ბრალდებულზე და მასალები იდენტურია. კახიძის ინფორმაციით, გამომძიებლები მასალებს დღის მეორე ნახევარში გადასცემენ.
„ მე მასალებთან წვდომა არ მქონია, მხოლოდ ბრალდების დადგენილებები გადმომეცა ადეიშვილსა და სააკაშვილზე. ორივე ბრალის დადგენილება პრაქტიკულად იდენტურია და ზუსტად ემთხვევა ნარატივს, რომელიც ჟურნალისტებს წაუკითხეს. ახალი ამ დადგენილებებში არაფერი არ არის”, – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.