„ვევედრებოდი, ჩემთვის ბავშვების დამშვიდების უფლება მოეცათ“ – მოსკოვში, პროტესტის გამოხატვის გამო, მშობელი ბავშვებთან ერთად დააკავეს
მოსკოვში პოლიციამ ორი ქალი დააკავა, ეკატერინა გლადკოვა და ოლღა ალტერი, ასევე, მათი 5 ბავშვი, რომლებიც უკრაინის საელჩოსთან ყვავილების მისატანად მივიდნენ და თან უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები ჰქონდათ. ეს ისტორია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ბავშვებმა პლაკატი დახატეს და თან წაიღეს. ყველა მათგანი პოლიციამ დააკავა. ჯერ საპატიმრო მანქანაში ჩასვეს, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს“, – წერს ერთ-ერთი თვითმხილველი.
პოლიციამ დედას ბავშვების თვალწინ ბორკილები დაადო და მანქანაში ჩასვა.
„გვთხოვეს, დაუყოვნებლივ დაგვეტოვებინა ადგილი და ვიდეო არ გადაგვეღო. ჩვენს სიტყვებზე, რომ უკრაინაში საშინელება ხდება და ჩემთვის მნიშვნელოვანია, იქ იცოდნენ ჩვენი გვერდში დგომის შესახებ – ხელები გადამიგრიხეს და მანქანაში ჩამაგდეს. მე ამისთვის არ ვიყავი მზად. არც კი გამიფრთხილებია შვილები, რომ ასეთი რამე შესაძლოა, მომხდარიყო. მათ ძალიან შეეშინდათ და ტირილი დაიწყეს“, – წერს სოციალურ ქსელში ეკატერინა გლადკოვა.
ის პოლიციის თანამშრომლებს ევედრებოდა, გაჩერებულიყვნენ, რათა ბავშვების დაემშვიდებინა და მათთვის აეხსნა, რომ დედას არაფერი მოუვიდოდა.
„პოლიციის თანამშრომლებს ვევედრებოდი, ჩემთვის ბავშვების დამშვიდების უფლება მოეცათ, შემდეგ კი, გავყვებოდი იქ, სადაც უნდოდათ. თუმცა, ისინი მე არც კი მისმენდნენ. ძალიან სასტიკად მომექცნენ მე – ქალს, დედას, მშვიდობიან მოქალაქეს. ჩამტენეს პატიმრების გადასაყვან გისოსებიან მანქანაში და კარი მომიხურეს. გარედან კი ჩემი შვილების სასტიკი ტირილის ხმა მესმოდა“, – ამბობს ეკატერინა.
შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში ბავშვებიც ჩასვეს, მაგრამ დედა გისოსებს მიღმა იყო. ის ცდილობდა, ბავშვებისთვის რამენაირად აეხსნა, თუ რა ხდებოდა მათ თავს. მოგვიანებით, მას უფლება მისცეს, ბავშვებთან ერთად დამჯდარიყო. მანქანაში აღმოჩნდნენ ეკატერინა, მისი მეგობარი ოლღა და მათი 5 შვილი. პოლიციის განყოფილებაში დაკავებულებმა 4 საათი გაატარეს.