კონსტანტინე ბაგრატიონ–მუხრანელისა და ტატიანა რომანოვას ტრაგიკული სიყვარული

კონსტანტინე ბაგრატიონ–მუხრანელი იყო სახელმწიფო მრჩევლის, კამერჰერისა და კავკასიის მეფისნაცვლის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელის, ალექსანდრე მიხეილის ძე ბაგრატიონ-მუხრანელის უმცროსი ვაჟი. დაიბადა 1889 წლის 2 მარტს თბილისში. ცხრა შვილიდან კონსტანტინე მეშვიდე იყო. მისი უფროსი ძმა, გიორგი, სათათბიროს ბოქაულის თანაშემწე, შემდეგში პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელე, დაიღუპა 1922 წელს, სამოქალაქო ომში მიღებული ჭრილობების გამო.

1901 წელს 11 წლის კონსტანტინემ ექსტერნად ჩააბარა პაჟთა კორპუსში. სამხედრო სასწავლებლის დირექტორმა მისი ჩარიცხვა დედამისს, ნინო თარხან–მოურავს შეატყობინა. ძმამ კი პეტერბურგში ჩაიყვანა და სასწავლებელში მიაბარა. 1907 წელს კონსტანტინემ სასწავლებელი დაამთავრა და უფროს ოფიცრად – კორნეტად ჩაირიცხა იმპერატორის დაცვისთვის შექმნილ ცხენოსანთა პოლკში – კავალერგარდში. პოლკში ის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და იმედისმომცემი ახალგაზრდა გახლდათ, რომელსაც დიდ სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1913 წელს კონსტანტინე ე.წ. პორუჩიკი (მეფის რუსეთის არმიაში: ოფიცრის ჩინი) გახდა, იმავე წელს – იმპერატორ ნიკოლოზ II–ის ფლიგელ–ადიუტანტი.

1910 წელს 21 წლის კონსტანტინემ გაიცნო იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი, დიდი მთავრის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის 19 წლის ქალიშვილი ტატიანა რომანოვა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ რომანოვები წინ აღუდგნენ ამ ქორწინებას. საქართველოს ანექსიის შემდეგ ბაგრატიონთა ყველა შტო რუსეთის იმპერიის თავადაზნაურებს გაუთანაბრდა. ისინი აღარ ითვლებოდნენ მმართველ დინასტიად. ამდენად, კონსტანტინე ტატიანას თანასწორად არ ითვლებოდა და მათი დაშორება გადაწყდა.

დადარდიანებული კონსტანტინე ბაგრატიონი საქართველოში გამოამგზავრეს, სასოწარკვეთილი ტატიანა კი, ლოგინად ჩავარდა. ავადმყოფი სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. შეშფოთებულმა რომანოვებმა „ოჯახური თათბირი“ მოიწვიეს, იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს: 1911 წელს გამოქვეყნდა იმპერატორის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საიმპერატორო სისხლის პირებს არადინასტიური ქორწინების უფლება პირველად ეძლეოდათ. თუმცა, ამ ქორწინებათა შედეგად დაბადებულ ბავშვებს ტახტის მემკვიდრეობის უფლება ერთმეოდათ. ტატიანამ წერილობით თქვა უარი თავისი და მომავალი შვილების სახელით ტახტის მემკვიდრეობაზე და ასე გადაწყდა მისი ქორწინების საკითხი. მალე ახალგაზრდებს ნება დართეს, ერთმანეთს შეხვედროდნენ ყირიმში, სადაც 1911 წლის 1 მაისს მათი ნიშნობა შედგა. 24 აგვისტოს კი ოჯახურ წრეში ქორწილიც გადაიხადეს. ნახევრად ოფიციალურ ცერემონიაზე ქალები არა სამეფო, არამედ სამოქალაქო კაბებში იყვნენ გამოწყობილი. ახალგაზრდა წყვილს პავლოვსკში, ტატიანას მშობლების სასახლის ერთ-ერთი ფლიგელი გამოუყვეს, სადაც 4 ბედნიერი წელი გაატარეს. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა ორი ბავშვი – 1912 წელს თეიმურაზი, 1914 წელს – ნატალია.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს, კონსტანტინე თავის ხუთ ცოლისძმასთან ერთად ომში წავიდა. მეთაურობდა მე–13 ლეიბ–გვარდიის ერევნის პოლკს. იბრძოდა სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე. გახდა გეორგიევსკის ორდენის კავალერი.

კონსტანტინე ბაგრატიონ–მუხრანელი 1915 წლის 19 მაისს სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე, გალიციაში დაიღუპა. 24 წლის ქვრივი ქმრის ნეშტს ხარკოვში დახვდა. პავლოვსკში გადახდილი პანაშვიდების შემდეგ მიცვალებული საქართველოში გადაასვენეს და მცხეთაში, სვეტიცხოველში დაკრძალეს.

მეუღლის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, ფრონტზე მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა ტატიანას ძმა – ოლეგი. იგი ჯერ კიდევ საქართველოში იყო, როცა მამის, ცნობილი პოეტის, რამდენიმე კრებულისა და თარგმანის ავტორის, კონსტანტინე რომანოვის სიკვდილიც შეატყობინეს. ერთბაშად სამი უახლოესი ადამიანის დაკარგვა დიდი დარტყმა იყო ქალისთვის. დაობლებული შვილების აღსაზრდელად იგი ბიძასთან, დიდ მთავარ დიმიტრი კონსტანტინეს ძესთან გადავიდა.

ტატიანა (თამარა) კონსტანტინეს ასული რომანოვა შვილებთან ერთად

რევოლუციის შემდეგ დიმიტრი რომანოვს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ტატიანას 4 ძმაც დააპატიმრეს. თვითონ მას კი, რადგან რომანოვების გვარს აღარ ატარებდა, ხელი არ ახლეს. ტატიანა მიხვდა, რომ სასწრაფოდ ემიგრაციაში წასვლა იყო საჭირო. 1918 წლის ივლისში იგი პეტროგრადიდან კიევში გადავიდა, რომელიც ბოლშევიკებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკავებული, შემდეგ ოდესაში, იქიდან კი, ბუქარესტის გავლით, შვეიცარიამდე ჩააღწია. გზაში მასა და მის შვილებს ახლდა და იცავდა დიდი მთავრის, დიმიტრის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კარაჩინცოვი.

უკვე ემიგრაციაში იყო ტატიანა, როცა შეიტყო, რომ ბოლშევიკებმა მისი ძმები – იგორი, კონსტანტინე და იოანე ძველ მაღაროში ცოცხლად დამარხეს, ბიძაც დახვრიტეს. გავრილმა თავის დახსნა მოახერხა და უმცროს და-ძმასთან – გიორგისა და ვერასთან ერთად რეპრესიებს უცხოეთში გაასწრო. შვეიცარიაში შვილებს შეუერთდა დედაც, საქსონ–ალტენბურგელი პრინცესა ელიზავეტა.

1921 წლის ბოლოს ტატიანა ცოლად გაჰყვა კარაჩინცოვს, რომელიც ასე დაეხმარა მას და მის შვილებს გაჭირვების ჟამს, თუმცა 3 თვის შემდეგ დიფტერიით მეორე ქმარიც დაეღუპა. ამის შემდეგ ტატიანა აღარ გათხოვილა, მარტო უმკლავდებოდა შვილების აღზრდა–განათლებას. 1946 წელს, როცა ორივე შვილმა  დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო – ტატიანა შვეიცარიაში მონაზვნად აღიკვეცა და საქართველოს უდიდესი მეფისა და წმინდანის პატივსაცემად, საეკლესიო სახელად თამარი აირჩია (მას მთელი ცხოვრება თან დაჰქონდა ნიკო მარის პატარა ბროშურა – „თამარ მეფე – საქართველოს აყვავების ხანა, მე–12 საუკუნე“).

შვეიცარიიდან დედა თამარი პალესტინაში გაემგზავრა და 5 წელი გაატარა ბიძის, ალექსანდრე მესამის მიერ აშენებულ მარიამ მაგდალინელის ტაძარში. სწორედ აქ განისვენებდა მისი ბიცოლა ელიზავეტა თევდორეს ასული. დედა თამარისთვის ეს ადგილი მხოლოდ სიწმინდეს კი არა, დაკარგული სამშობლოს ნაწილსაც წარმოადგენდა. 1951 წლიდან დედა თამარი იერუსალიმის წმინდა ამაღლების (ელეონის) ქალთა მონასტრის წინამძღვარი გახდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1979 წლის 28 აგვისტოს. დაკრძალეს მონასტრის ეზოში.

2007 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა კონსტანტინე და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელების არქივი, რომელიც მოიცავს უნიკალურ მასალებს ბაგრატიონთა საგვარეულოს შესახებ. არქივი ბიბლიოთეკას გადასცა თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლემ ირინა ბაგრატიონ- მუხრანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები